
აჭარაში დამნაშავე თანამდებობის პირთა დაკავება გრძელდება
სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეზე გოგი კუპრეიშვილზე. როგორც სამხედრო პროკურორმა პაატა ჯახუტაშვილმა „სივილ ჯორჯიას“ აცნობა, გოგი კუპრეიშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.
„პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს გოგი კუპრეიშვილის წინააღმდეგ დაპატიმრების სანქციის გაცემის თაობაზე“, – განაცხადა პაატა ჯახუტაშვილმა.
ამჟამად უკვე პატიმრობაში იმყოფება ბათუმში დისლოცირებული 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური რომან დუმბაძე და ქობულეთის ყოფილი გამგებელი ტარიელ ხალვაში. 9 მაისს ასევე დააკავეს შინაგანი ჯარების მე-3 სამმართველოს ხელმძღვანელი მურმან ცინცაძე და მისი ვაჟი, ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი მერაბ ცინცაძე.
თითქმის ყველა დაკავებულ პირს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედებათ ბრალი, რომან დუმბაძეს კი სამშობლოს ღალატში, რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.