ახალი ამბები

ბურჯანაძე იზიარებს პრეზიდენტის კრიტიკას ვალტერ შვიმერის მისამართით

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კრიტიკასა და საქართველოში ევროპის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის ქვეყნიდან შესაძლო გაწვევას მართებულად მიიჩნევს.


„საქართველოს ევროპის საბჭოსთან განსაკუთრებული  დამოკიდებულება აქვს. საქართველოს ამ ორგანიზაციიდან ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა. ამის გამო ველოდით, რომ აჭარის მოვლენებთან დაკავშირებით უფრო სერიოზული მხარდაჭერა და ადეკვატური შეფასებები გაკეთდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, რამაც გამოიწვია პრეზიდენტის ასეთი განწყობა“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


მისი თქმით, ევროპის საბჭო სერიოზული ორგანიზაციაა და საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „თუმცა კონკრეტულად რა მოხდება არ ვიცი“ – დასძინა დღეს ნინო ბურჯანაძემ.


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი 9 მაისს ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკრიტიკა და მას “გათავხედებული მაღალხელფასიანი ბიუროკრატი” უწოდა. პრეზიდენტის ეს განცხადება, ჯერ კიდევ 2 მაისს, ვალტერ შვიმერის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ განაპირობა. ვალტერ შვიმერის შეფასებით, მხარეებმა (თბილისმა და ბათუმმა) დაკარგეს დიალოგის უნარი.


 

Back to top button