ახალი ამბები

სააკაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აკრიტიკებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 მაისს ბათუმის უნივერსიტეტში გამოსვლისას გააკრიტიკა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი აჭარაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით 2 მაისს გაკეთებული განცხადების გამო.


განცხადებაში აჭარაში ხიდების აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით ვალტერ შვიმერი აცხადებდა,, „შოკის მომგვრელია, როდესაც საქართველოში ხიდებს აფეთქებენ, რადგანაც ცენტრალურმა და ადგილობრივმა [აჭარის] ხელისუფლებამ დაკარგეს დიალოგის უნარი“. აჭარის ყოფილმა ლიდერმა ასლან აბაშიძემ აჭარაში დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი სამი ხიდი ააფეთქა.


„ეს არ იყო ნამდვილი ევროპელის განცხადება; ეს თავხედი და მაღალხელფასიანი ბიუროკრატის განცხადება იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა 9 მაისს.


„მისი [ვალტერ შვიმერის] განცხადება, რომ ორივე მხარემ [ცენტრალურმა ხელისუფლებამ და აბაშიძის რეჟიმმა] დაკარგეს დიალოგის უნარი, ნიშნავს თითქოს ორივე მხარე თანაბრად პასუხისმგებელი იყო იმაზე, თუ რაც ხდებოდა აჭარაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.


ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ასევე გააკრიტიკა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადება და მას „არაკორექტული“ უწოდა.


ასლან აბაშიძის საქართველოდან გამგზავრების შემდეგ ვალტერ შვიმერმა 6 მაისს კმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ აჭარის კრიზისი უსისხლოდ დასრულდა.


საქართველოში აკრედიტირებული ევროპელი დიპლომატები 9 მაისს „ევროპის დღის“ აღსანიშნავად ბათუმს ეწვივნენ.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმის უნივერსიტეტში განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ორი უსისხლო რევოლუციით საქართველომ დაამტკიცა, რომ „ქართველები საუკეთესო ევროპელები არიან“.

მსგავსი/Related

Back to top button