ახალი ამბები

ბურჯანაძე მოუწოდებს აბაშიძეს გადადგომის თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა აჭარის მეთაურს ასლან აბაშიძეს, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს გადადგომის თაობაზე განცხადება.


„ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მოვუწოდებ ასლან აბაშიძეს ეს განცხადება რაც შეიძლება დროულად გააკეთოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 5 მაისს.


მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ აპირებს რაიმე ძალისმიერი მეთოდის გამოყენებას აჭარაში.


„პრეზიდენტი სააკაშვილი არ აპირებს ჯარის გადასმას აჭარაში, რადგანაც აჭარის მოსახლეობა თავად დაიცავს დემოკრატიას. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯარები შევიდნენ რეგიონში. მინდა განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი ჩავიდა იქ, რათა გაინაღმოს შესაბამისი ტერიტორია. უახლეს ხანებში ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგება აჭარაში“, – დასძინა ბურჯანაძემ.
 
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის სახელით მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს სააკაშვილის წინადადებას ასლან აბაშიძისთვის გარანტიების მიცემის თაობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ასლან აბაშიძე შესაბამის დასკვნებს გააკეთებდა.


„თუ საჭიროა პარლამენტი მზად არის საკანონმდებლო წესით მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება, რათა ასლან აბაშიძეს ჰქონდეს ხელშეუხებლობის გარანტიები, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.


 

მსგავსი/Related

Back to top button