ახალი ამბები

აბაშიძესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი განცხადებით, მოლაპარაკებები ასევე იმართება აბაშიძის გარემოცვასთან, რათა დაარწმუნონ ისინი არ დაემორჩილონ აჭარის ლიდერს.


„მოლაპარაკებებში პრეზიდენტი სააკაშვილი, იური ლუჟკოვიც [მოსკოვის მერი] და სხვა შუამავლებიც იღებენ მონაწილეობას. მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს გიორგი აბაშიძესთან [ასლან აბაშიძის შვილთან და ბათუმის მერთან]“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


„მოლაპარაკებების სხვა დეტალებზე საუბარი ამჟამად არ შემიძლია“, – დასძინა მან.


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე განაცხადა, რომ „აბაშიძისა და მისი მოკავშირეების დრო იწურება“.


„აბაშიძე მარტო რჩება. ბათუმის გენერალური პროკურორი გადადგა, გადადგნენ ასევე ჯანდაცვის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე განუდგა აბაშიძეს და თბილისში ჩამოვიდა“, – აღნიშნა მერაბიშვილმა.


მან მოუწოდა აბაშიძის მთავრობის სხვა წარმომადგენლებსაც არ დაემორჩილონ აბაშიძის ბრძანებებს. 

მსგავსი/Related

Back to top button