ახალი ამბები

აჭარა საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა

აბაშიძის ხელისუფლებას ბზარი გაუჩნდა








საპროტესტო აქცია ბათუმში მთელი ღამე
გრძელდებოდა.
ათასობით მომიტინგემ 5 მაისის ღამე ბათუმის უნივერსიტეტის წინ გაათენა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის გადაყენების მოთხოვნით.

ასლან აბაშიძის სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ალყა შემოარტყა და გამაფრთხილებელი გასროლებიც გააკეთა; თუმცა, შეტაკებას მომიტინგეებსა და სპეცრაზმსს შორის ადგილი არ ჰქონია. 4 მაისს უფრო მცირემასშტაბიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა ხელკეტებისა და წყლის ჭავლის საშუალებით დაარბია, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
 
ქობულეთის მოსახლეობამ გასულ ღამეს ვერ შეძლო ბათუმში მიმდინარე აქციას შეერთებოდა, რადგანაც აბაშიძის შეიარაღებულმა ჯგუფებმა მათ აჭარის დედაქალაქისკენ  მიმავალი გზა გადაუკეტეს.
 
ბათუმში ყველაზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის მონაწილენი აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. „მომიტინგეთა რაოდენობა უმნიშვნელოდ შემცირდა ღამის განმავლობაში, თუმცა შუადღისთვის ბათუმში ფართომასშტაბიანი აქციაა დაგეგმილი“, – განუცხადა ბათუმელმა ჟურნალისტმა ეთერ სულაძემ „სივილ ჯორჯიას“.
 
გასულ ღამეს ასობით მომიტინგე თბილისიდან აჭარისკენ ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დაიძრა. თუმცა, ჩოლოქის აფეთქებულ ხიდთან მიახლოებასტან ერთად, იქ მყოფმა აბაშიძის შეიარაღებულმა რაზმა, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა, რის შემდეგაც მათი აჭარაში შესვლა შეუძლებელი გახდა. 
 
ასლან აბაშიძემ, რომელმაც ღამით სატელევიზიო მიმართვაში თავის მხარდამჭერებს ავტონომიაში „დემოკრატიისა და საკონსტიტუციო სისტემის“ დაცვისკენ მოუწოდა, ბათუმის ცენტრში თავისი რეზიდენციის გარშემო სპეცრაზმის მობილიზება მოახდინა.  
 
აბაშიძის რეზიდენციასა და საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზები სატვირთო მანქანებითაა ჩახერგილი და შეიარაღებული სპეცრაზმი იცავს.
 
4 მაისს აჭარის ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში აბაშიძეს სულაც არ ეტყობოდა, რომ 12 მაისამდე განიარაღების თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანების შესრულებას აპირებდა.
 
ამავდროულად, თბილისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ გვიან ღამით ბათუმში არსებული სიტუაციის თაობაზე კონსულტაციები გამართა.
 
საბჭოს წევრებმა გამორიცხეს ძალისმიერ ჩარება აჭარის მოვლენებში.
 
„აჭარლები თავიანთ მომავალს თვითონ გადაწყვეტენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომლებიც საბჭოს სხდომას მოგვიანებით შეუერთდა.
 
მისი განცხადებით, აბაშიძე „შესაფერის პასუხს“ მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ძალას გამოყენებს.
 
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, აბაშიძის რეჟიმი „წუთებს ითვლის“ რადგანაც სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ტოვებს მას.
 
„აბაშიძის რეჟიმი პანიკაშია. აბაშიძის რეჟიმი არსებობის ბოლო წუთებს ითვლის,“ – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა.
 
უშიშროების მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას განცხადებით, „ნეტკაჩოვის“ რაზმის 25 წარმომადგენელმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ასლან აბაშიძეს და ცენტრალურ ხელისუფლებას აღუთქვა მხარდაჭერა. ამას გარდა თბილისში ჩამოვიდა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ელგუჟა ჯიჭარაძე.
 
აჭარის ადგილობრივი პოლიციის მრავალი წარმომადგენელი უკვე განუდგა აჭარის ლიდერს და ბათუმის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
 
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გასულ ღამეს ფოთში ჩავიდნენ.
 
ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლა ასლან აბაშიძეზე იზრდება. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკების ერთადერთ თემა მხოლოდ მისი გადადგომის საკითხი იქნება.“
 
„ხიდების აფეთქების შემდეგ, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, მას [ასლან აბაშიძეს] ერთადერთი არჩევანი დარჩა – უნდა გადადგეს“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 4 მაისს.
 
4 მაისს დღისით საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო საკმაოდ მკაცრი  განცხადება, რომელშიც აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის „უპირობო გადადგომას“ მოითხოვდა.

მსგავსი/Related

Back to top button