ახალი ამბები

აბაშიძე საპროტესტო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ ბათუმის უნივერსიტეტის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც აბაშიძის გადადგომას მოითხოვდნენ, გაფრთხილება მისცა.


„მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული ძალები შეტაკებების პროვოცირებას გეგმავენ, რაც სისხლისღვრამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ 4 მაისს გვიან ღამით აჭარის ტელევიზიის ეთერში.


მიუხედავად საპროტესტო აქციის დარბევისა 4 მაისს დღისით, ათასზე მეტი ადამიანი კვლავ შეიკრიბა საღამოს ბათუმის უნივერსიტეტის წინ ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით.


ადგილობრივი გაზეთის „ბათუმელების“ კორესპონდენტმა ეთერ სულაძემ სატელეფონო საუბრისას „სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ „ბათუმში საპროტესტო აქციაში 1000-1500 ადამიანი მონაწილეობს და ისინი დაშლას არ აპირებენ“.


„სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, რადგანაც უნივერსიტეტის შენობას აბაშიძის სპეცრაზმმა ალყა შემოარტყა“, – დასძინა მან.


4 მაისს დღისით სპეცრაზმმა საპროტესტო აქციები დაარბია ბათუმსა და ქობულეთში, რის შედეგადაც ათობით საპროტესტო აქციის მონაწილე დაშავდა.

მსგავსი/Related

Back to top button