ახალი ამბები

სააკაშვილი სამართალდამცველებს მოუწოდებს არ დაემორჩილონ აჭარის ხელისუფლებას

პრეზიდენტი სააკაშვილი მიმართავს აჭარის სამართალდამცველ ორგანოებს არ დაემორჩილონ აჭარის ხელისუფლების ბრძანებულებას საგანგებო მდგომარეობის და ხალხის დარბევის შესახებ. ასევე აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს სიფრთხილისა და ორგანიზებულობისკენ.


„მე ვუბრძანებ შეიარაღებულ ფორმირებებს და პოლიციას, არ შეასრულონ ასლან აბაშიძის არც ერთი ბრძება. მე აჭარაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას უკანონოდ ვაცხადებ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
  
მისი განცხადებით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასლან აბაშიძის ბრძანებულების საფუძველზე რუსი გენერალის იური ნეტკაჩოვის საშუალებით დაინაღმა ბათუმის ტერმინალის მისადგომები და ჩაქვის ხიდი, რათა არ დაეშვათ ხალხის მოძრაობა.


“ამის სანაცვლოდ აჭარის მოსახლეობამ გამოხატა საკუთარი პოზიცია საპროტესტო აქციებით, ეს იყო არაორგანიზებული, სპონტანურად გამართული აქციები, მაგრამ ხალხმა შეძლო საკუთარი პოზიციის დაფიქსირება” – განაცხადა პრეზიდენტმა.


“აბაშიძის თამაში არის ძალიან მარტივი, ის ცდილობს დააფიქსიროს კონფლიქტი აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის. აბაშიძეს უნდა აჭარის გამოყოფა, მას უნდა ძალის ინსპირირება, მაგრამ ამას იგი დღევანდელი მოვლენების შემდეგ ვერ გააკეთებს ამ კითხვას პასუხი დღეს აჭარის მოსახლეობამ გასცა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილი აჭარის მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ გამოიჩინოს დიდი სიფრთხილე და ორგანიზებულობა. “დარწმუნებული იყავით, რომ არ მიგატოვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვითარება დარეგულირდეს” – აცხადებს პრეზიდენტი.


“ამ ვითარებაში ასევე მნიშვნელოვანია ეკლესიის როლი, შეკრებილია წმინდა სინოდი და არსებულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას. ასევე  მივმართავთ მუსლიმანური რელიგიის ლიდერებს აჭარაში, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ რელიგიის მიმდევრებს აჭარაში და ვიქნებით მათი ინტერესების დამცველი, ისევე როგორც დანარჩენი აჭარლების. თუ ვიქნებით უფრო ორგანიზებულები და ერთიანები ვიდრე დღეს, ჩვენ ეს კრიმინალები ვერ დაგვამარცხებენ” – დასძინა პრეზიდენტმა.


მისივე თქმით, ხელისუფლება არ აპირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გაუქმებას ან ხელყოფას. ამჟამად ხელისუფლება გადაუდებელ საორგანიზაციო საკითხებს განიხილავს აჭარასთან მიმართებაში. 

მსგავსი/Related

Back to top button