ახალი ამბები

აშშ აბაშიძეს შეიარაღებული ჯგუფების განიარაღებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ქმედებები, რომელმაც უარყო პრეზიდენტ სააკაშვილის ულტიმატუმი აჭარაში უკანონო შეიარაღებული ჯგუფების განიარაღების თაობაზე. აშშ ადმინისტრაციამ აბაშიძე „სამხედრო კრიზისის პროვოცირების მცდელობაში“ დაადანაშაულა.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა აბაშიძეს შეიარაღებული ჯგუფების განიარაღებისთვის ვადა 12 მაისამდე მისცა, მას შემდეგ რაც აჭარის ხელმძღვანელობამ აჭარაში დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ხიდები ააფეთქა. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტი აჭარის მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნით დაიმუქრა.    
 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა 3 მაისს კომენტარი გააკეთა აჭარაში მიმდინარე მოვლენებზე და აჭარის ლიდერის  ასლან აბაშიძის „აჭარის მოსახლეობის სამსახურში ყოფნის საკითხი კითხვის ქვეშ“ დააყენა.
 
„ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ აჭარის ლიდერის გადაწყვეტილების გამო აჭარაში დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ხიდების აფეთქებასთან დაკავშირებით … აბაშიძის ქმედება მისი აჭარის მოსახლეობის სამსახურში ყოფნის საკითხს კითხვის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა რიჩარდ ბაუჩერმა ვაშინგტონში 3 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
 
„აბაშიძისა და მისი მთავრობის მიერ ბოლო დროს გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩვენი შეშფოთება გამოიწვია იმის გამო, რომ მან შესაძლოა საქართველოს ახლადარჩეულ დემოკრატიულ მთავრობასთან სამხედრო კრიზისის პროვოცირება სცადოს“ – დასძინა რიჩარდ ბაუჩერმა.
 
ვაშინგტონმა ასევე მოუწოდა აჭარის ლიდერს განაიარაღოს უკანონო შეიარაღებული ჯგუფები აჭარაში, „როგორც ეს შეთანხმებული იყო“.
 
მარტის შუა რიცხვებში მიხეილ სააკაშვილსა და ასლან აბაშიძეს შორის ბათუმში გამართული შეხვედრის დროს, აბაშიძემ პირობა დადო, რომ განაიარაღებდა შეირაღებულ ჯგუფებს; თუმცა, ერთი თვის შემდეგ, 13 აპრილს მან უარი განაცხადა პირობის შესრულებაზე.
 
რიჩარდ ბაუჩერი მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას  და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „კვლავ მოუწოდებს საქართველოს გამოიყენოს პოლიტიკური და ეკონომიკური მეთოდები აჭარაში კანონიერების აღსადგენად“.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 მაისს კიდევ ერთხელ გამორიცხა აჭარის კრიზისის მოსაგვარებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენების შესაძლებლობა.  თუმცა გააფრთხილა აბაშიძე, რომ უკანონო შეიარაღებული ჯგუფების განიარაღებაზე უარის თქმას აბაშიძისთვის „უარყოფითი შედეგები მოყვებოდა“.
 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოთქვა შეშფოთება იმ უარყოფით ეკონომიკურ შედეგებზე, რაც აჭარაში შექმნილ ვითარებას მოჰყვება.
 
„ამ ნაბიჯის [ხიდების აფეთქება და რკინიგზის მიმოსვლის შეჩერება] შედეგად დაზიანდა საერთაშორისო სატრანსპორტო ხაზები. მათ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ აჭარის მოსახლეობის დასაკავშირებლად დანარჩენ საქართველოსთან,“ – განაცხადა რიჩარდ ბაუჩერმა. 
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 3 მაისს განაცხადა, რომ აჭარასთან სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს რკინიგზას და ბათუმის პორტის ნავთობტერმინალს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.
 
ბათუმის ტერმინალს ნავთობი ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით საშუალებით მიეწოდება.  1 მაისს ბათუმის პორტში 23,000 ტონა ნავთობი შევიდა. 
 
„საქართველოს რკინიგზას  2 და 3 მაისს კვლავ შემოჰქონდა ნავთობი, თუმცა ეს ნავთობი ბათუმამდე ვერ აღწევდა სარკინიგზო მონაკვეთის დაზიანების გამო“, – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ საქართველოს რკინიგზის დეპარტემტნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თამუნა მაჭავარიანმა.
 
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ ჩოლოქის ხიდის აღდგენას 3,7 მილიონი ლარი დასჭირდება.
 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაგმო აჭარაში ადამიანთა უფლებების დარღვევის ხშირი ფაქტები და აბაშიძის დემოკრატიულობა ეჭვქვეშ დააყენა.


„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ გამოვთქვამდით შეშფოთებას ასლან აბაშიძის მიერ აჭარაში ადამიანთა უფლებების დამცველთა და ჟურნალისტების დევნისა და შეურაცხყოფის ფაქტების იგნორირების გამო. საერთაშორისო დამკვირვებელთა მოხსენებები აჭარაში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასობრივი გაყალბების თაობაზე ასევე კითხვის ქვეშ აყენებს აბაშიძის დამოკიდებულებას“ – განაცხადა რიჩარდ ბაუჩერმა.
 
აშშ-ის წარმომადგნლის განცხადებით, ვაშინგტონი მუდივ აჭარაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს მოსკოვთან. მისი განცხადებით, აშშ მოუწოდებს რუსეთს გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დარეგულირებისკენ და დაარწმუნოს აბაშიძე უარი თქვას სამხედრო კონფრონტაციაზე. როგორც ცნობილია რუსეთს გააჩნია სამხედრო ბაზა ბათუმში.
 
აშშ-ის კრიტიკა ასლან აბაშიძის ქმედებებთან დაკავშირებით კარგი სიახლე იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ საერთაშორისო საზოგადოებას აბაშიძის საქმიანობის დაგმობა სთხოვა. თუმცა, ევროპის საბჭოს ზომიერმა განხცადებამ აჭარასთან მიმართებაში ქართული მხარის პროტესტი გამოიწვია.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის განცხადება აჭარასთან დაკავშირებით და მას „არაკორექტური“ უწოდა.
 
2 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვალტერ შვიმერი აცხადებს, რომ „შოკის მომგვრელია იმის გაგება, რომ … საქართველოში ფეთქდება ხიდები, რადგან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაკარგეს დიალოგის უნარი“.
 
„ხიდების აფეთქება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურმა და ადგილობრივმა  ხელისუფლებამ დაკარგეს დიალოგის უნარი. ეს არის მხოლოდ ერთი პიროვნების [ასლან აბაშიძის] ქმედება, რომელიც თავის ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
 
მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა ევროპის საბჭოს განცხადებაში შესაბამისი კორექტივების შეტანის მოთხოვნით.   
 
ამავდროულად, აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 3 მაისს განაცხადა, რომ განიარაღება 10 დღის ვადაში, როგორც ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოითხოვა, შეუძლებელია. „ამ ულტიმატუმის შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია. შეუძლებელია რესპუბლიკის განიარაღება 10 დღის ვადაში“ – განუცხადა აბაშიძემ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის.“

მსგავსი/Related

Back to top button