ახალი ამბები

ბათუმში მიტინგი დაარბიეს

ბათუმში 4 მაისს გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია აჭარის ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია. არსებული ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა.


თავდაპირველად აჭარის ხელისუფლება საპროტესტო აქციის დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით შეეცადა, თუმცა შემდგომში ხელკეტებიც გამოიყენა.  


ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა 4 მაისს აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის გადაყენების და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.


თვითმხილველთა თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც ცდილობდა სტუდენტებს შეერთებოდა, უშიშროების ძალებმა დაარბიეს.


საქართველოს პარლამენტის სხდომა დღეს მოგვიანებით აჭარაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს. „შემაშფოთებელი ამბები მოდის ბათუმიდან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სხდომაზე ბათუმში მიმდინარე დარბევის კომენტირებისას.


„ჩვენ ზედმიწევნით უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, მათ შორის ხიდების აფეთქების საკითხიც“, – დასძინა ნინო ბურჯანაძემ.

Back to top button