ახალი ამბები

აშშ გმობს აჭარის ლიდერის ქმედებებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო აჭარის ხელისუფლების გადაწყვეტილება ხიდების აფეთქების თაობაზე და რეგიონის მეთაურის ასლან აბაშიძის აჭარის მოსახლეობის სამსახურში ყოფნის საკითხი კითხვის ქვეშ დააყენა.


„ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ აჭარის ლიდერის გადაწყვეტილების გამო აჭარაში დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ხიდების აფეთქებასთან დაკავშირებით. ამ ნაბიჯის შედეგად დაზიანდა საერთაშორისო სატრანსპორტო ხაზები. მათ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ აჭარის მოსახლეობის დასაკავშირებლად დანარჩენ საქართველოსთან. აბაშიძის ქმედება მისი აჭარის მოსახლეობის სამსახურში ყოფნის საკითხს კითხვის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა ვაშინგტონში 3 მაისს გამართულ ბრიფინგზე.


იგი მიესალმა სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას  და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „კვლავ მოუწოდებს საქართველოს გამოიყენოს პოლიტიკური და ეკონომიკური მეთოდები აჭარაში კანონიერების აღსადგენად.


„ასევე მოვუწოდებთ აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს განაიარაღოს უკანონო შეიარაღებული ჯგუფები აჭარაში, როგორც ეს შეთანხმებული იყო. აბაშიძისა და მისი მთავრობის მიერ ბოლო დროს გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩვენი შეშფოთება გამოიწვია იმის თაობაზე, რომ მან შესაძლოა საქართველოს ახლადარჩეულ დემოკრატიულ მთავრობასთან სამხედრო კრიზისის პროვოცირება სცადოს, იმის ნაცვლად რომ კრიზისი მშვიდობიანად მოაგვაროს“, – დასძინა რიჩარდ ბაუჩერმა.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაგმო აჭარაში ადამიანთა უფლებების დარღვევის ხშირი ფაქტები.


„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ გამოვთქვამდით შეშფოთებას ასლან აბაშიძის მიერ აჭარაში ადამიანთა უფლებების დამცველთა და ჟურნალისტების დევნისა და შეურაცხყოფის ფაქტების იგნორირების გამო“; ამგვარ ინციდენტებს შორის იყო ცემის და დაპატიმრების ფაქტები ყალბი პრეტენზიების გამო. საერთაშორისო დამკვირვებელთა მოხსენებები აჭარაში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასობრივი გაყალბების თაობაზე ასევე კითხვის ქვეშ აყენებს აბაშიძის დამოკიდებულებას საქართველოს დანარჩენ ნაწილში ბოლო დროს განვითარებული დემოკრატიული პროცესებისადმი“, – განაცხადა რიჩარდ ბაუჩერმა.


აშშ-ის წარმომადგნლის განცხადებით, ვაშინგტონი ხშირ მოლაპარაკებებს აწარმოებს მოსკოვთან აჭარაში არსებული სიტუაციის გამო. მისი განცხადებით, აშშ მოუწოდებს რუსეთს გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დარეგულირებისკენ და და დაარწმუნოს აბაშიძე უარი თქვას სამხედრო კონფრონტაციაზე. რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ბაზა ბათუმშია განლაგებული.           



 

მსგავსი/Related

Back to top button