ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა 2004 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა პარლამენტს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს 2004 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. მიმდინარე წლის ბიუჯეტი, რომლის ხარჯვითი ნაწილი 1,728 მილიონი, ხოლო საშემოსავლო ნაწილი 1,537 მილიონს აღწევს, 2003 წლის პარამეტრებთან შედარებით თითქმის ნახევარი მილიარდით არის გაზრდილი.


2004 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6,6%-ით იგეგმება, ხოლო ინფლაციის დონე 2,15% განისაზღვრება.

“წელს მთავარი პრიორიტეტებია სოციალური სფერო, ჯანდაცვა, განათლება და ენერგეტიკა, ასევე მნიშვნელოვანი მატებაა გათვალისწინებული თავდაცვისა და უშიშროების ღონისძიებებზეც”, აღნიშნა პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც ბიუჯეტის პროექტი თავად წარუდგინა დეპუტატებს.

თავდაცვაზე 2004 წლის ბიუჯეტში 77,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამ სფეროზე შარშან 74,5 მილიონი იყო გათვალისწინებული, თუმცა დაფინანსებამ 58 მილიონი შეადგინა.

მთავრობის თხოვნით პარლამენტმა შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოასწროს ბიუჯეტის მიღება, რადგან 26 მაისს დაგეგმილ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს წინაშე საქართველო დამტკიცებული ბიუჯეტით უნდა წარსდგეს.


 

მსგავსი/Related

Back to top button