ახალი ამბები

ევროსაბჭო აჭარაში არსებული მდგომარეობით შეშფოთებულია

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა შეშფოთება  გამოთქვა საქართველოდან მიღებული ცნობების გამო. «სწორედ იმ დროს, როდესაც ევროკავშირი ზეიმობს თავის გაფართოებას 15-დან 25 წევრამდე და ყველა მათგანი ევროპის საბჭოს წევრიცაა, შოკის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ევროპის საბჭოს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, საქართველოში, ფეთქდება ხიდები, რადგან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაკარგეს დიალოგის უნარი», განაცხადა ვალტერ შვიმერმა 2 მაისს სტრასბურგში.


„მე დაბეჯითებით მოვუწოდებ ორივეს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და აჭარის ავტონომიის მეთაურს, ასლან აბაშიძეს ყველაფერი იღონონ იმისათვის, რომ შეჩერდეს ეს საშიში ესკალაცია.  ხიდი შეიძლება აღდგეს, მაგრამ ვეღარაფერი დაუბრუნებს სიცოცხლეს გასროლით დაღუპულ თუნდაც ერთ ადამიანს“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.


„მე ვიმეორებ, რომ ევროპის საბჭო მზად არის, ხელი შეუწყოს დიალოგს და დაეხმაროს საქართველოს, ჩამოაყალიბოს ქმედითუნარიანი სამართლებრივი ბაზა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიურ რეგიონს შორის ურთიერთობისათვის. ახლა არ არის ხიდების აფეთქების დრო, ახლა ხიდების შენების დროა“.

მსგავსი/Related

Back to top button