ახალი ამბები

კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების შანსები მცირდება

აჭარის ხელისუფლებამ პრეზიდენტ სააკაშვილის ულტიმატუმს უსაფრთხოების ზომების გაზრდითა და ადგილობრივ ოპოზიციონერებზე ზეწოლით უპასუხა. არანაირი ნიშანი არ იგრძნობა იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს დაემორჩილოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნას.
 
პრეზიდენტ სააკაშვილის ულტიმატუმის თანახმად, რომელიც მან აჭარის ლიდერს 2 მაისს ავტონომიასთან დამაკავშირებელი ხიდების აფეთქების შემდეგ წაუყენა, ასლან აბაშიძემ 12 მაისამდე  უნდა განაიარაღოს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები და უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციის დაცვა რეგიონში. 
 
საქართველოს უშიშროების სამინისტროს ინფორმაციით, ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება რუსი გადამდგარი გენერლის ნეტკაჩოვის ორგანიზებით მოხდა. უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ 3 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნეტკაჩოვი 1999 წლიდან ასლან აბაშიძის მრჩეველი იყო სამხედრო საკითხებში.
 
„თუ მისი [ნეტკაჩოვის] მონაწილეობა ტერორისტულ აქტში, ვგულისხმობ ხიდების აფეთქებას, დადასტურდება, ნეტკაჩოვის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრება“, – განაცხადა გიგი უგულავამ 3 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 3 მაისს განაცხადა, რომ ჩოლოქზე მდებარე ხიდის აღდგენას 3,7 მილიონი ლარი დასჭირდება.
 
ამავდროულად, საერთაშორისო შეშფოთება აჭარაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ უფრო იზრდება, რადგანაც სულ უფრო მცირდება კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების იმედები. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა შეშფოთება  გამოთქვა აჭარაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
 
2 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვალტერ შვიმერი აცხადებს, რომ „შოკის მომგვრელია ის ფაქტი, რომ საქართველოში ფეთქდება ხიდები, რადგან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაკარგეს დიალოგის უნარი.“
 
„მე დაბეჯითებით მოვუწოდებ ორივეს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და აჭარის ავტონომიის მეთაურს, ასლან აბაშიძეს ყველაფერი იღონონ იმისათვის, რომ შეჩერდეს დაძაბულობის ეს საშიში ესკალაცია. ხიდი შეიძლება აღდგეს, მაგრამ ვეღარაფერი დაუბრუნებს სიცოცხლეს გასროლით დაღუპულ თუნდაც ერთ ადამიანს“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს აჭარასთან მიმართებაში. „ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჭარაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.


ამასობაში კი იქრდება ზეწოლა აბაშიძის ოპოზიციაზე. მოძრაობა „ჩვენი აჭარის“ ინფორმაციით, ბათუმში 2 მაისს ოპოზიციის ერთი აქტივისტი დააკავეს და ხუთი სცემეს.
 
პოლიტიკური მიმომხილველები შიშობენ, რომ აბაშიძე არ დათანხმდება პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებზე. ასლან აბაშიძემ აპრილში პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან ბათუმში გამართულ შეხვედრაზე უკვე განაცხადა უარი განეიარაღებინა უკანონო შეიარაღებული ჯგუფები. ხიდების აფეთქებაც სწორედ იმის დასტური იყო, რომ ასლან აბაშიძე თბილისთან მიმართებაში პოზიციის შეცვლას არ აპირებს და კვლავაც კონფრონტაციის გზას ადგას. 
 
ამგვარად, აჭარის ადგილობრივი მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნა გარდაუვალია. საქართველოს კონსტიტუციის 73 მუხლის თანახმად, პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით „აჩერებს ან აუქმებს ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობას, თუ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ან კონსტიტუციის დაცვას ქვეყნის მასშტაბით“.
 
საქართველოს ახალ პარლამენტში დეპუტატთა ერთი ჯგუფი უკვე შეუდგა მუშაობას კანონპროექტზე, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკისთვის მმართველობის ახალ სისტემას განსაზღვრავს. კანონპროექტის თანახმად, აჭარას, რომელიც ავტონომიის სტატუსს შეინარჩუნებს, უხელმძღვანელებს ადგილობრივი პარლამენტი და პრემიერ-მინისტრი. ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აირჩევს აჭარის პარლამენტი, რომელიც იმ პოლიტიკური პარტიისგან იქნება შემდგარი, რომელიც მანდატების უმრავლესობას მოიპოვებს პარლამენტში.
 
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ავტონომიის მეთაურის პოსტის გაუქმებას. ასევე გაუქმებული იქნება აჭარაში ამჟამად მოქმედი ორპალატიანი პარლამენტიც.
 
თუმცა, ვადამდელი არჩევნების ჩატარება აჭარაში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. აბაშიძემ ერთხელ უკვე ჩაშალა განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები აჭარის ორ ოლქში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ნებას დართავს რეგიონში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს. შედეგად აბაშიძეს და მის მთავრობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არალეგიტიმურად ცნობს, რაც დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარების შესაძლებლობებს მაქსიმალურად ამცირებს.

მსგავსი/Related

Back to top button