ახალი ამბები

აჭარის კრიზისი მშვიდობიანად მოწესრიგების რესურსების ამოწურვის ზღვარზე

ინტერვიუ დეპუტატ გიგა ბოკერიასთან

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის პრობლემის მოგვარებას, რომელიც სააკაშვილის მთავრობის მთავარ თავსატეხად გადაიქცა, უსწრაფესად და როგორც თავად ხელისუფლებაში აცხადებენ, ”შესაძლებლობის ფარგლებში უმტკივნეულოდ გადაწყვიტას” აპირებს.

30 აპრილს ”სივილ ჯორჯია” ამ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატ გიგა ბოკერიას ესაუბრა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ ფიგურად ითვლება. მისი თქმით, აბაშიძის მხრიდან ხელისუფლების დათმობა უსაფრთხოების სანაცვლოდ იქნება ის მაქსიმალური კომპრომისი, რომელზეც ცენტრალური ხელისუფლება შეიძლება წავიდეს.

”ჩვენ მოვალენი ვართ, რომ ძალისმიერ მეთოდებზე ვიფიქროთ, თუკი ყველა სხვა რესურსი ამოიწურა. ჩვენ ვართ ამ კრიზისის მშვიდობიანად მოწესრიგების რესურსების ამოწურვის ზღვარზე, მაგრამ როგორც ხედავთ ოპერაცია არ ჩატარებულა დღემდე და არც არის კონკრეტულად დაგეგმილი რამე, თუმცა მზადყოფნა არსებობს,” – აცხადებს გიგა ბოკერია.

რა შეიძლება იყოს ის მქსიმალური კომპრომისი რაზეც ხელისუფლება ასლან აბაშიძის მიმართ წავა?

მისი [ასლან აბაშიძის] და მისი ძალიან ვიწრო გარემოცვის ჩამოცილება პოლიტიკიდან, სანაცვლოდ – მათთვის უსაფრთხოების და სისხლის სამართლებრივ დევნაზე უარის თქმის გარანტიების მიცემა. ეს არის მაქსიმალური კომპრომისი ჩვენი მხრიდან.

ჩვენ მას ვთავაზობთ მაქსიმალურად მოკლე გზას, რომ ან პირდაპირ წავიდეს ხელისუფლებიდან, დავილაპარაკოთ იმ პირობებზე თუ რას ითხოვს იგი მისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც ხელს გააყოლებს.

მეორე გზა არის, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები აჭარაში. მან უნდა უზრუვნელყოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები – განიარაღება, ყველა იმ სტრუქტურის დაქვემდებარება ხელისუფლებისადმი, რომელიც წესით ხელისუფლებას უნდა ექვემდებარებოდეს, ნორმალური საარჩევნო ატმოსფეროს შექმნა, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ტერორის შეწყვეტა. ამის შემდეგ ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევები აჭარაში, ის წააგებს არჩევნებს და ამ გზით გაირკვევა ყველაფერი.

თუ არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება აჭარასთან მიმართებაში მოქმედებს?

ჩვენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იძულებული ვიყავით გაგვეწელა ეს პროცესი იმ პრობლემიდან გამომდინარე, რასაც ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება ჰქვია. აჭარაში მცხოვრები ადამიანები, მოგეხსენებათ, არიან მძევლები აჭარის ხელისუფლების ხელში. მძევლების განთავისუფლების ოპერაცია კი უნდა ჩატარდეს ისე, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული მათი უსაფრთოება.

აჭარაში ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ხელისუფლებას და პირადად მიხეილ სააკაშვილს. აბაშიძე მათთვის [ადგილობრივი მოსახლეობისთვის] არის პრობლემა და ისინი მოითხოვენ ჩვენგან ამ პრობლემისაგან განთავისუფლებას და არა პირიქით.

ხელისუფლება ატარებს პრინციპულ და თანმიმდევრულ პოლიტიკას. აბაშიძის “ბასტიონის” დაშლის პროცესი გაგრძელდება, მისი “უერთგულესი შენაერთები” ტოვებენ მას, ვინაიდან ისინი არიან ამ ქვეყნის პატრიოტები. საფრთხე იმაშია, რომ აბაშიძე ამას პასუხობს რეპრესიებით, რაც საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს და იძულებულს გახდის, რომ ძალისმიერი მეთოდებით უპასუხოს. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აქამდე არ მივიდეს. ხაზს ვუსვამ, თუ აბაშიძე არ გააათმაგებს ტერორს, რასაც ის სამწუხაროდ აპირებს, ეს მოხდება თავისით ანუ საქართველოს მოქალაქეები აჭარაში თვითონ გადაწყვეტენ ამ პრობლემას.

რამდენად ამოწურა ხელისუფლებამ კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობა და თუ წავა ის პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრის გზით?

ჩვენ მოვალენი ვართ, რომ ძალისმიერ მეთოდებზე ვიფიქროთ, თუკი ყველა სხვა რესურსი ამოიწურა. ჩვენ ვართ ამ კრიზისის მშვიდობიანად მოწესრიგების რესურსების ამოწურვის ზღვარზე, მაგრამ როგორც ხედავთ ოპერაცია არ ჩატარებულა დღემდე და არც არის კონკრეტულად დაგეგმილი რამე, თუმცა მზადყოფნა არსებობს.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინტერესი  – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა გავრცელდეს იურისდიქცია ეფექტურად, ყველა მოქალაქის უფლებები უნდა იყოს დაცული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა უნდა შეწყდეს და შეიარაღებული მეამბოხე უნდა დაისაჯოს.  მითუმეტეს ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს იმ კუთხეზე, სადაც არ არსებობს ეთნიკური ნიადაგზე დაპირისპირების პრობლემა, სადაც მოსახლეობის 99% ახდენს სრულ იდენტიფიცირებას ქართულ სახელმწიფოსთან და მათ თავზე აზის ერთი მუჭა ყაჩაღების ჯგუფი, რომელიც გაუსაძლის პირობებში ამყოფებს ადგილობრივ მოსახლეობას. 
 
სამწუხაროდ განსხვავებული სიტუაციაა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სადაც ჩვენმა მტერმა და ჩვენივე შეცდომებმა, შექმნა ნიადაგი ეთნიკური სიძულვილისთვის და იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი არ ახდენს საკუთარი თავის გაიგივებას ქართულ სახელმწიფოსთან. 

ჩვენ არ წავალთ კომპრომიზე საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ გვაქვს ძალა ყველა პრობლემის გადასაწყვეტად. ძალის გამოყენება ეს არის უკიდურესი აუცილებლობა, ეს არის თავისთავად ბოროტება, მაგრამ ზოგჯერ ეს არის აუცილებებლი ბოროტება.

აბაშიძემ ხელისუფლებას მუქარის კონტექსტში არაერთხელ შეახსენა ყარსის ხელშეკრულების არსებობა?

ყარსის ხელშეკრულების ხსენება არის აბსოლუტურად არაადექვატური. ამ ხელშეკრულების საერთაშორისო ღირებულება მდგომარეობს იმაში, მასში განსაზღვრული არის საზღვრების მდგომარეობა თურქეთსა და სომხეთს შორის. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არანაირი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ყარსის ხელშეკრულება. სხვათა შორის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან გარკვევით გააკეთა ამაზე განცხადება.

იგივე რუსეთის დუმის განცხადება სხვა განცხადებებთან შედარებით ბევრად უფრო რბილი იყო. რუსეთის პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს საქართველოს საშინაო საქმეა და ისინი არ და ვერ ჩაერევიან შიდა პრობლემებში. ჩვენი ხელისუფლების წარმატებული მცდელობა მდგომარეობს იმაში, რომ არავის არ მივცეთ უფლება ჩვენ შინაურ საქმეებში ჩაერიოს.

რა ვადებში გეგემავს ხელისუფლება აბაშიძის პრობლემის გადაწყვეტას?

თარიღებზე ძალიან გამიჭირდება საუბარი, მაგრამ ამ ეტაპზე დრო მუშაობს აბაშიძისა და მისი ბანდის წინააღმდეგ, მიმდინარეობს გამოცლა მთელი ფუნდამენტის. მაგრამ თუ ეს პრობლემა უმოკლეს ვადებში არ გადაწყდა, მაშინ დრო იმუშავებს აბაშიძის სასარგებლოდ. იგი შეეცდება სიტუაციის არევას დანარჩენ საქართველოშიც, ჩვენ მოქალაქეებს აუცრუვდებათ გული ახალ ხელისუფლებაზე, თუკი ჩვენ ვერ გადავწყვეტთ ამ პრობლემას.

ჩვენ მას ვერ მივცემთ დროს და ვერ ვეტყვით ჩვენ აჭარელ თანამოქალაქეებს, რომ კიდევ ორი ან ერთი წელიწადი აიტანეთ ადგილობრივი ფეოდალიო. ხელისუფლების ამოცანაა უსწრაფესად და შესაძლებლობის ფარგლებში უმტკივნეულოდ გადაწყვიტოს აბაშიძის პრობლემა.

მსგავსი/Related

Back to top button