ახალი ამბები

ქალთა შორის ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირი საქართველოში აღარ ჩატარდება

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში საქართველოში აღარ ჩატარდება. 21 მაისიდან 8 ივნისამდე დაგეგმილი ჩემპიონატი ყალმუხეთის დედაქალაქ ელისტაში გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისში მყოფმა მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა კირსან ილიუმჟინოვმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. 


კირსან ილიუმჟინოვი, რომელიც ასევე ყალმუხეთის პრეზიდენტია, თბილისში 30 აპრილს ჩამოვიდა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. სააკაშვილმა ილიუმჟინოვს ჭადრაკში ქალთა ჩემპიონატის ჩატარება ბათუმის ნაცვლად თბილისში შესთავაზა.


თბილისიდან ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ბათუმში გაემგზავრა და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შეხვდა.


“ბათუმისა და თბილისის ნაცვლად ჩემპიონატი ელისტაში გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ მივიღეთ”, – განაცხადა კირსან ილიუმჟინოვმა ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.


ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს ჯარიმა უნდა დაკისრებოდა დაახლოებით 300-350 ათასი დოლარის ოდენობით, თუმცა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის ინფორმაციით, ჩემპიონატის ჩატარებისთვის საჭირო თანხას, დაახლოებით 700 ათასი დოლარს,  ასლან აბაშიძე გადაიხდის. “ეს ასლან აბაშიძის კეთილი ნებაა, რითაც ცენტრალური ბიუჯეტი აღარ იზარალებს და ჯარიმის გადახდა ფედერაციას აღარ მოუწევს” – განაცხადა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.


კირსან ილიუმჟინოვის ბათუმში 15 აპრილს ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქალთა ჩემპიონატის ბათუმში ჩატარების თაობაზე. თუმცა, აჭარაში დაძაბული ვითარების გამო ცენტრალური ხელისუფლება ბათუმში ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდა.

მსგავსი/Related

Back to top button