ახალი ამბები

აბაშიძე მობილიზაციას აცხადებს

საქართველოს პარლამენტი აჭარის მმართველობის ახალ მოდელს ამზადებს

აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძემ 27 აპრილს განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად აჭარაში უშიშროების საბჭოს რაიონული განყოფილებები იქმნება, რამლებიც უზრუნველყოფენ არმიის რეზერვისტების მობილიზებას, სასიცოცხლო ობიექტების დაცვას და ავტონომიურ რესპუბლიკაში სტაბილურობის შენარჩუნებას.

ამას ასლან აბაშიძე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აჭარის მიმართ „აგრესიული პოლიტიკის გატარებით“ ხსნის და აცხადებს, რომ ეს ღონისძიება მიზნად ისახავს „რეგიონში სამოქალაქო კონფრონტაციის თავიდან აცილებას.“

ამის პარალალურად ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში ხელისუფლების შეცვლისთვის საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობს. ახლადარჩეულ პარლამენტში დეპუტატთა გარკვეული ნაწილი კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ახალ სისტემას შექმნის.

კანონპროექტის მთავარი ინიციატორი, “ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანებული “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილია, რომელიც 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ბათუმში მაჟორიუტარ დეპუტატად იყრიდა.


“ჩვენ უკვე შევიმუშავეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის განსაზღვრისათვის  კონცეფცია. ერთ კვირაში დასრულდება კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინება. მისი განხილვა კი ერთ თვეში უნდა მოხდეს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა.


მისი თქმით კანონპროექტი მიზნად ისახავს აჭარის მეთაურის პოსტის და ავტონომიური რესპუბლიკის ორპალატიანი პარლამენტის საერთოდ გაუქმებას. ასლან აბაშიძემ 2001 წელს თვითნებურად შემოიღო აჭარის მეთაურის პოსტი, რომელიც თავად დაიკავა. კანონპროექტში ასევე დეტალურად არის გაწერილი ეკონომიკური და ფინანსური საკითხები. კანონპროექტის მიხედვით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სტატუსი უნარჩუნდება იცვლება მხოლოდ მართვის სტრუქტურა.


“აჭარაში უნდა აღდგეს ისეთი მართვის სტილი, როგორიც 1991-2000 წლებში იყო, ანუ როდესაც არსებობდა მხოლოდ ერთი მართვის ორგანო – უზენაესი საბჭო. არსებული კანონპროექტი სწორედ ამას ისახავს მიზნად. რეგიონებში ასეთი მართვის სტრუქტურა დამკვიდრებულია ევროპულ ქვეყნებში, ჩვენ შემთხვევაში მისაღებია ესპანური მოდელი” – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.


იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, უკვე დღის წესრიგში დადგება აჭარაში საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნების საკითხი.


“რეგიონში საკანონმდებლო ორგანოს არჩევის შემდეგ უმრავლესობით მოსული პოლიტიკური ძალის რიგებიდან მოხდება პრემიერ-მინისტრის სტატუსის მქონე პირის არჩევა, რომელიც პარლამენტთან ერთად უხელმძღვანელებს რეგიონს” – განმარტავს დავით ბერძენიშვილი.


აჭარაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციების ჩატარებას გეგმავს, ბათუმის იზოლატორიდან 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ ერთი თვის წინ განთავისუფლებული თენგიზ ასანიძე. განთავისუფლების შემდეგ იგი ცენტრალურ ხელისუფლებას საკმაოდ დაუახლოვდა და ახლა აბაშიძისადმი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომლის ერთადერთი მიზანი, მისივე თქმით აბაშიძის გადაყენება იქნება. იგი ამჟამად ფოთში იმყოფება, საიდანაც მოძრაობის კოორდინაციას მოახდენს.


“უახლოეს პერიოდში აჭარის მოსახლეობის მიერ აჭარაში მშვიდობიანი აქციები გაიმართება ერთადერთი მოთხოვნით: ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. იმ შემთხვევაში, თუ აჭარის ლიდერი ძალას გამოიყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, შემდეგ ძალას უკვე ცენტრალური ხელისუფლებაც მიმართავს და ეს აბაშიძეს ცუდად შემოუბრუნდება” – განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით თენგიზ ასანიძემ.


აჭარაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მომხრე საქართველოს პრეზიდენტია, რომელმაც პირველად ამის შესახებ 25 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით ცენტრალურ ხელისუფლებაში „ეს საკითხი უკვე განიხილება.“


აჭარის მეთაურის თანამდებობა, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუაციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა. მართალია, მრავალი იურისტი, ისევე როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ აჭარის კონსტიტუცია წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის კონსტიტუციასთან, ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ არსებობს. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯის თემა გახადოს.


დეპუტატი დავით ბერძენიშვილის განცხადებით ყველა ხერხი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა, რომლის უფლება პრეზიდენტთან ერთად, პარლამენტის დეპუტატთა 1/5 გააჩნია, იქნება გამოყენებული, რათა მოხდეს სრულყოფილი იურიდიული ბაზის შექმნა აბაშიძის ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით. 


“პარლამენტში ამ საკითხზეც მიმდინარეობს მუშაობა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ აჭარის რეგიონში უკანონო ხელისუფლების შეცვლა მოხდეს საკანონმდებლო ბაზის მომზადების საფუძველზე” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.


ამის პარალელურად, პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ განაგრძობს ასლან აბაშიძის მისამართით მუქარის ტონით საუბარს. კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ 27 აპრილს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ აბაშიძე არ დაემორჩილება თამაშის ახალ წესებს, მაშინ მას „საქმე ექნება სამართალდამცველებთან და მეტი არავისთან.“


ამასობაში კი ფოთის სიახლოვეს, ყულევის პოლიგონზე 30 აპრილს დაიწყება და 2 მაისამდე გასტანს ფართომაშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას 1,500 ჯარისკაცი, მათ შორის ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე მძიმე ტექნიკა და ავიაცია იქნება ჩართული.
 
ცენტრალური ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, რომ წვრთნებს აჭარაში მიმდინარე მოვლენებთან საერთო არაფერი აქვს და გეგმიურ ხასიათს ატარებს, აჭარის ლიდერმა უკვე გამოთქვა შეშფოთება.


27 აპრილს მან განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნების ჩატარება ფოთში, „ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული კონფრონტაციის ფონზე შემაშფოთებელია.“

მსგავსი/Related

Back to top button