ახალი ამბები

თბილისს აჭარაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება სურს

აჭარის დაუმორჩილებელი ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მკაცრი განცხადებებიდან ერთი დღის შემდეგ პრეზიდენტი ძალის გამოყენების შესახებ მუქარის ტონს ცვლის და აცხადებს, რომ აჭარაში ვითარების მოწესრიგება რეგიონში ვადამდელი არჩევნების ჩატარებითაც არის შესაძლებელია.

“სისულელეა ასალნ აბაშიძის მიერ გავრცელებული ხმები, თითქოს რეგიონში სამხედრო ტექნიკით შეჭრას ვგეგმავთ. ასლან აბაშიძეს თავად აჭარლები მიხედავენ და ამ პრობლემას თავად ისინი გადაწყვეტენ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 25 აპრილს. 24 აპრილს კი სააკაშვილი აცხადებდა, რომ იგი „უყოყმანოდ“ გამოიყენებს ძალას თუ საქართველოს მთლიანობა საფრთხის ქვეშ დადგება.

მისი განცხადებით ხელისუფლება უკვე განიხილავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. “ამის კანონიერი უფლება ქვეყნის კონსტიტუციით გაგვაჩნია“ – დასძინა პრეზიდენტმა.

თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ უნდა მოხდეს რეგიონში ვადამდელი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა. აჭარის ორ ოლქში განმეორებით საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 18 აპრილს უნდა გამართულიყო, ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო, ჩაიშალა.

ამასობაში აჭარაში 24 აპრილიდან საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული. პრეზიდენტი აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს არ დაემორჩილონ ასლან აბაშიძის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას. 


ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა რეგიონის ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.


„აჭარაში გამოცხადებული კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა ადგილობრივ მოსახლეობაზე მკვეთრად არ აისახება. უბრალოდ გამკაცრებულია მიმოსვლა აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებზე“ – განაცხადა „სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას ადგილობრივი გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ეთერ სულაძემ.


ევგენი თავდგირიძე, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს ბათუმელი კორესპონდენტია, აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.


„საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათის გამოცხადება აჭარის ხელისუფლებას ძირითადად იმ მიზნით უნდა, რომ არ დაიწყოს ხალხის მასიური გამოსვლები. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოსახლეობის ერთგვარი დაშინების მეთოდია“ – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ ევგენი თავდგირიძემ.


ადგილობრივი ჟურნალისტების განცხადებით, ბათუმის ქუჩებში შეიარაღებული დაჯგუფებები არ შეინიშნება, თუმცა ბოლო პერიოდში მთლიანად კონტროლდება საზღვაო აკვატორია და ადმინისტრაციული საზღვრები, განსაკუთრებით ჩოლოქი და ქაქუთი, სადაც მობილიზებულია სამხედრო შენაერთები, შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობით.  


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 აპრილს განაცხადა, რომ ასლან აბაშიძე „კომენდანტის საათის დაწესებით ცდილობს, აჭარაში დისლოცირებული შეიუარაღებული ძალების შემადგენლობის თბილისში წამოსვლის პროცესი შეაჩერება სურს.“


როგორც ცნობილია, მთელი გასული კვირის განმავლობაში ბათუმიდან თბილისში მცირე ჯგუფებით მოდიოდნენ თავდაცვის სამინისტროს 25-ე ბრიგადის ჯარისკაცები, რომლის ყოფილმა მეთაურმა გენერალმა დუმბაძემ 19 აპრილს ღიად დაუჭირა მხარი ასლან აბაშიძემ და უარი განაცხადა დამორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას.


ამას დაერთო 26 აპრილს ბათუმიდან ფოთის პორტში წამოსული საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ერთი სამხედრო კატარღაც.


„ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა შორის არსებობენ ისეთი პიროვნებები, რომელბიც აცხადებენ, რომ თუ შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა ისინი იარაღს არ გამოიყენებენ. ასეთი განწყობა უკვე ხშირია პოლიციელებს შორის“ – აცხადებს ბათუმელი ჟურნალისტი ეთერ სულაძემ.

ამასობაში, აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია აცხადებს, რომ ვაშინგტონში იგი აჭარაში შექმნილი ვითარებასაც განიხილავს.

„ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ყველას ესმის, რომ დაუშვებელია ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში უკანონო შეიარაღებული რაზმების არსებობა. ეს სიტუაცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს წყნარად და მშვიდად,“ – განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ვაშინგტონში 26 აპრილს ქართველ ჟურნალისტებს.

მსგავსი/Related

Back to top button