ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა 23 აპრილს 13 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და ოთხიდან ერთი ვიცე-სპიკერი აირჩია. ყველა მათგანი, გარდა ერთი კომიტეტის თავმჯდომარისა, მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ წარმომადგენლები არიან.


პარლამენტმა მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ვიცე-სპიკერად აირჩია.


კომიტეტების თავმჯდომარეებად პარლამენტმა შემდეგი პირები აირჩია:  ელენე თევდორაძე – ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტი; საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში კოტე გაბაშვილი – საგარეო საქმეთა კომიტეტი; ლევან ბეჟაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ლევან ბერძენიშვილი – განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი; გივი თარგამაძე – თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი; გია ხევიაშვილი – სოფლის მეურნეობის კომიტეტი; ედვარდ სურმანიძე – რეგიონალურ საკითხთა კომიტეტი; რომან გოცირიძე – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; თამაზ ხიდაშელი – გარემოს დაცვის კომიტეტი; ლადო ჭიპაშვილი – ჯანდაცვის კომიტეტი; ხათუნა გოგორიშვილი – საპროცედურო საკითხების კომიტეტი; დავით ბაქრაძე – ევროპაში ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტი.


ერთადერთი კომიტეტი, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი არ უხელმძღვანელებს არის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, რომლის თავმჯომარეც ნიკო ლეკიშვილი გახდა.  იგი დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ წევრია.


ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი დაინიშნებოდა რაიმე საპარლამენტო თანამდებობაზე იმის სანაცვლოდ, რომ მომავალში ფრაქცია ლოიალური იქნებოდა ხელისუფლების და მმართველი პარტიის მიმართ.


სამი ვიცე-სპიკერის პოსტი ჯერ-ჯერობით ვაკანტურია. პარლამენტის წესდების თანახმად, ვიცე-სპიკერის ერთი პოსტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა უნდა დაიკავოს – რომელიც უკვე დაიკავა მაჭავარიანმა. მეორე პოსტი უმცირესობამ უნდა დაიკავოს. მესამე ვიცე-სპიკერი აჭარის წარმომადგენელი უნდა იყოს, ხოლო მეოთხე აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების.


თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციამ  „მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები-ახლები“ ვერ შექმნა საპარლამენტო უმცირესობა, რადგანაც მათ ვერ შეძლეს დეპუტატების საკმარისი რაოდენობის შეყვანა პარლამენტში. ამგვარად, ისინი ვიცე-სპიკერის თანამდებობის გარეშე რჩებიან.


პარლამენტმა გადადო აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დეპუტაციის უფლებამოსილების ცნობა. შედეგად, მესამე ვიცე-სპიკერის თანამდებობის საკითხიც გაურკვეველია.


პარლამენტმა 23 აპრილს ასევე გადადო აჭარის წარმომადგენლის ვიცე-სპიკერად არჩევისთვის დაგეგმილი კენჭისყრა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია ხმის მიცემის წინააღმდეგი იყო.  

მსგავსი/Related

Back to top button