ახალი ამბები

თბილისი აბაშიძის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს

ახლადარჩეული პარლამენტი 23 აპრილს აჭარაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალურ დადგენილებას  მიიღებს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით „საკმაოდ მკაცრი“ იქნება. ამასობაშI აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე აცხადებს რომ ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიური რესპუბლიკაში სპეცოპერაციას გეგმავს.

აჭარაში არსებული სიტუაციის თაობაზე დადგენილების პროექტი, რომელსაც პარლამენტი 23 აპრილს განიხილავს, გმობს აჭარის ხელმძღვანელობის ქმედებებს და მათ „ქვეყნის კონსტიტუციისა და ტერიტორიული მთლიანობის ღია ხელყოფად,“ ასევე შეიარაღებული ამბოხის მცდელობად აფასებს. 

„პარლამენტის განცხადება საკმაოდ მკაცრი იქნება, რადგანაც სიტუაცია ძალიან რთულია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავინახავთ პოზიტიურ ნიშნებს, თუ ამგვარი რამ მოხდება აჭარის ხელმძღვანელობის მხრიდან“ – განუცხადა პარლამენტის ხელახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 23 აპრილს ჟურნალისტებს. 

დადგენილების თანახმად, კანონმდებლები ავალებენ პრეზიდენტს, მთავრობას და სამართალდამცავ სტრუქტურებს უზრუნველყონ კონსტიტუციის დაცვა და „აჭარაში უკანონო შეიარაღებული ჯგუფების ლიკვიდაცია“. 

დეპუტატები ასევე მოითხოვენ მთავრობისგან შესაბამისი რეაგირება იქონიოს აჭარაში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალება აცნობოს საერთაშორისო საზოგადოებას აჭარაში არსებული სიტუაციის თაობაზე.
 
„ფაქტიურად, ხელისუფლება ყველა ამ ღონისძიებას უკვე ახორციელებს; განკარგულების საშუალებით, ჩვენ პოლიტიკურ და იურიდიულ შეფასებას ვაძლევთ აჭარაში არსებულ სიტუაციას და იურიდიულ საფუძველს ვუქმნით აღმასრულებელ ხელისუფლებას“, – განაცხადა მოძრაობა „ჩვენი აჭარის“ ერთ-ერთამა ლიდერმა, დეპუტატმა თამაზ დიასამიძემ.
 
ამასობაში, ასლან აბაშიძემ ცენტრალური ხელისუფლება მისი რეჟიმის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. 22 აპრილს აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში საუბრისას მან განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება სპეცოპერაციას ამზადებს მის წინააღმდეგ. „ეს არის მცდელობა ძალისმიერი მეთოდით ჩამოაგდონ აჭარის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება“, – დასძინა აბაშიძემ.
 
აჭარის ლიდერის განცხადებით, მან უკვე გაუგზავნა წერილები რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, სადაც მათ დახმარებას სთხოვს „კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად“.
 
“მხოლოდ ამ ორ ქვეყანას შეუძლია ჩვენი დახმარება. ცენტრალური ხელისუფლება არაფერს აკეთებს აშშ-ის ინფორმირების გარეშე. რაც შეეხება რუსეთს, მასთან მჭიდრო კავშირი გვაქვს. ამიტომ მივმართავ ამერიკისა და რუსეთის  პრეზიდენტებს წერილობით, რათა დაგვეხმარონ კონფრონტაციის თავიდან აცილებაში”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ 22 აპრილს.
 
აბაშიძის კომენტარს წინ უძღოდა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომელიც აშკარად მიანიშნებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ვერ შეურიგდება აბაშიძის აჭარის ხელისუფლებაში ყოფნას.


„აჭარის მოსახლეობა უნდა განთავისუფლდეს კრიმინალური კლანისგან“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 აპრილს საქართველოს ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე გამოსვლისას. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აბაშიძეს უფლება არა აქვს „ილაპარაკოს აჭარის მოსახლეობის სახელით, რადგანაც აჭარის მოსახლეობას იგი არც ერთხელ არ აურჩევია“.
 
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ მას მისი რადიკალური პოზიციის გამო აბაშიძის მიმართ. „ზოგიერთი ფსევდო-პაციფისტები აცხადებს, რომ კონფრონტაციის საჭიროება არ არსებობს. მე არ ვაპირებ შევეგუო ნარკობარონებს და კრიმინალებს საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში,“ – დასძინა პრეზიდენტმა.
 
„გადამწყვეტი ზომები უნდა მივიღოთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კანონიერების აღსადგენად, უკან არ უნდა დავიხიოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სხდომაზე.
 
მოგვიანებით 22 აპრილს საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ ასლან აბაშიძეს „ავტონომიის დე ფაქტო ლიდერი უწოდა“.
 
„ჩვენ შეგვიძლია მას [ასლან აბაშიძეს] უკვე დე ფაქტო ვუწოდოთ, რადგანაც მისი ხელისუფლების ლეგიტიმურობა დღითიდღე მცირდება“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button