ახალი ამბები

ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს კომისიის რეფორმა არ დასცალდა

ინტერვიუ ზურაბ ჭიაბერაშვილთან








ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე და თბილისის
ახალი მერი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თამვჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა 19 აპრილს მოულოდნელად განაცხადა, რომ იგი თანამდებობას ტოვებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა იგი თბილისის მერად დანიშნა. გადადგომამდე ერთი დრით ადრე, 18 აპრილს, მას შემდეგ რაც ცესკო-მ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაატკიცა, ზურაბ ჭიაბერაშვილი არჩევნების შესახებ “სივილ ჯორჯიას” ესაუბრა.

32 წლის ზურაბ ჭიაბერაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ შარშან ნოემბერში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით კომისიას 4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა.

საპარლამენტო არჩევნებს გართულებების გარეშე არ ჩაუვლია და ეს ძირითადად აჭარასთან იყო დაკავშირებული. ცესკო-ს საეჭვო გადაწყვეტილებას გაუქმებულიყო აჭარის ორი – ქობულეთისა და ხულოს საარჩევნო ოლქები, მოჰყვა ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების პროტესტი. რასაც საბოლოო ჯამში ქობულეთსა და ხულოში ხელახალი არჩევნების ჩაშლა და ჭიაბერაშვილის აჭარაში არ შეშვება მოჰყვა. 

ჭიაბერაშვილმა “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ ცესკოს შემუშავებული აქვს კომისიის განვითარების კონცეფცია და ის საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პრინციპს ეყრდნობა. თუმცა ამ კონცეფციის განხორციელებაზე ზრუნვა, რომელიც ჯერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ზურაბ ჭიაბერაშვილს აღარ მოუხდება. მას, როგორც დედაქალაქის მერს სრულიად განსხვავებული ამოცანების შესრულება მოუწევს.

ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებდით 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებს?


ამ არჩევნებზე იყო აშკარა პროგრესი ყველა წინა არჩევნებთან შედარებით. 4 იანვრის არჩევნებს, რომ შევადაროთ იყო აშკარა პროგრესი რამოდენიმე მიმართულებით.


პირველი ეს იყო ამომრჩეველთა სიები. კომპიუტერიზაციამ დაადასტურა, რომ სიებში ერთიდა იგივე ამომრჩეველი აღარ იყო შეყვანილი, ანუ დუბლირებები მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ამ ორი არჩევნების შედეგად ქვეყანამ მიიღო მაქსიმალურად ზუსტი ამომრჩეველთა სიები, რომლის ფორმირებაც მინიმალური დანახარჯებით მოხერხდა.


მეორე იყო  საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიონალიზმი. ძირითადად საარჩევნო ადმინისტრაციები მუშაობდნენ დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე უბნების დიდ უმრავლესობაში.


ძალიან კარგად ჩაიარა წინასაარჩევნო პერიოდმაც, პრაქტიკულად ცესკო-ს არ მიუღია არცერთი გადაწყვეტილება [წინასაარჩევნო პერიოდში], რომელიც სასამართლოში გასაჩივრებულიყოს. კარგი იყო კენჭიყრის დღეც. პირადად მე ასეთ გამართულ კენჭისყრის დღეს არ ველოდი და ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ის შეფასებები, რაც ეუთომ გააკეთა. რაც შეეხება კენჭისყრის შემდგომ პერიოდს, ის არ იყო სრულფასოვანი. ჩვენ გვქონდა კარგი მიღწევა იმაში, რომ არჩევნების წინასწარი შედეგები ორ დღეში გამოვაცხადეთ, რაც აბსოლუტურად უპრეცედენტოა, მაგრამ შემდომმა პროცესებმა, როგორიც იყო დარღვევებზე რეაგირება და უბნების გაბათილება, წარმოშვა იმგვარი აჟიოტაჟი საზოგადოებაში, რამაც გარკვეულწილად დააზიანა ამ არჩევნების იმიჯი. მაგრამ საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პროგრესი მიღწეულია.


თუმცა გასაგრძელებელია მუშაობა საარჩევნო ადმინისტრცაიების პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხით და მთლიანად პოლიტიკურ ელიტაზე, საარჩევნო სუბიექტებზე და ამომრჩეველზე, რათა კიდევ უფრო ღრმად გაჯდეს საზოგადოებაში ის აზრი, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობაში.


თუ იყო საარჩევნო სუბიექტების და განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის ფაქტები?


არცერთი პარტიის მხრიდან არ ყოფილა ზეწოლა. თუ ვინმესთვის გაიგივებულია აჭარის ხელისუფლება და “დემოკრატიული აღორძინების” კავშირი, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მათი მხრიდან ზეწოლას ადგილი ნამდვილად ჰქონდა.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქების შედეგები, რაც მრავალი დამკვირვებლის აზრით უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ვიდრე სამართლებრივი. მრავალი იურისტის, ასევე არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების აზრით ეს უკანონო გადაწყვეტილება იყო.


გამოითქვა აზრი, თითქოს აჭარის ხელისუფლების მოქმედებებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პროვოცირება თავად ცესკომ გაუწია, რასაც არ ვეთანხმები ორი მიზეზის გამო. პირველი, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩვენი გადაწყვეტილებების სისწორეში, ეს უნდა განიხილებოდეს სასამართლოებში და არა ჩოლოქის ადმინისტრაციულ საზღვარზე ანდა ხულოსა და ქობულეთის გამგეობის შენობებში და მითუმეტეს შეიარაღებული პირების მიერ [ხულოდან და ქობულეთიდან ცესკო-ს წარმომადგენლები რომლებიც ხელახალი არჩევნების მოსამზადებლად იყვნენ იქ ჩასულები გამოაძევეს, ხოლო აჭარაში მიმავალ ზურაბ ჭიაბერაშვილს ჩოლოქთან გზა გადაუკეტეს და ავტონომიურ რესპუბლიკაში არ შეუშვეს – “სივილ ჯორჯია.”]


ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე არ შეუშვეს აჭარაში არც ესაა პირველი ფაქტი, მანამადე საქართველოს პრეზიდენტი არ შეუშვეს აჭარაში. ასე, რომ ცესკოს გადაწყვეტილების კანონიერება არ გამხადა მაპროვოცირებელი არც არჩევნების არჩატარებისა ხულოსა და ქობულეთში და არც ჩემი აჭარაში არ შეშვების.


მე ვფიქრობ, რომ ცესკოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სამართლიანი, რითაც ჩვენ მივეცით ხულოსა და ქობულეთის ამომრჩეველს შანსი მომხდარი დარღვევების ფონზე დაეფიქსირებინათ მათი რეალური ნება არჩევნებზე და რისი საშულებაც მათ აჭარის ხელისუფლებამ და ასლან აბაშიძემ არ მისცა.


რატომ არ წავიდა ცესკო იმავე გზით ქვემო ქართლის შემთხვევაში, ანუ რატომ არ გაუქმდა საარჩევნო ოლქები ქვემო ქართლში? არჩევნებზე დამკვირვებლების მტკიცებით იქ დაფიქსირდა ანალოგიური დარღვევები რასაც ადგილი ქონდა ხულოსა და ქობულეთში.


ხულოსა და ქობულეთში უბნების ნახევარზე მეტი გაბათილდა, რამაც მთლიანად ოლქის ბათილობა გამოიწვია, ქვემო ქართვლში კი გაბათილებული უბნები არ იყო ნახევარზე მეტი და ბუნებრივია, რომ მთლიანი შედეგი ვერ გაუქმდებოდა. 


როგორც ყოფილი დამკვირვებელი, როგორ შეაფასებდით ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქტიურობას?


მე ვფიქრობ, რომ ადგილობრივმა დამკვირვებლებმა თავის ფუნქცია შეასრულეს. 28 მარტის არჩევნებს ძირითადად სამი ორგანიზაცია აკვირდებოდა და სამივე მათგანმა განსაკუთრებული, სპეციფიური როლი შეასრულა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ჩაატარდა ხმების პარალელური დათვლა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფონდი “სამართლიანი არჩევნების” საქმიანობა აჭარის ტერიტორიაზე და ქვემო ქართლში ძალიან სასარგებლო იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოღვაწეობა.


28 მარტის არჩევნებზე ძირითადად რა ტიპის დარღვევები დაფიქსირდა?


ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ არჩევნები კარგად ჩატარებულიყო, მაგრამ სადაც არ ჩატარდა არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ დარღვევებს, რომელიც დაფიქსირდა, რაც გამოიხატა
კიდეც 150-მდე გაბათილებულ უბანში.


ძირითადი დარღვევები გამოიხატა არაუფლებამოსილი პირების მხრიდან საარჩევნო პროცესებში ჩარევით, ასევე იყო ბიულეტენების ჩაყრა, მარკირების არ გაკეთება, ე.წ “კარუსელის” მცდელობა და ა.შ. ეს განსაკუთრებით გამოიხატა დარღვევებში, რომელიც ქვემო ქართლსა და აჭარაში დაფიქსირდა, რაც ძველი პრაქტიკა არის.


ჩვენ დარღვევების კლასიფიკაცია უკვე გაკეთებული გვაქვს და უკვე გადავაგზავნეთ კიდეც გენერალურ პროკურატურაში.


თქვენ გენერალურ პროკურორს კონკრეტულ დარღვევების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის მოთხოვნით მიმართეთ, ასეთივე მოთხოვნები წინა არჩევნების შემდგომაც გაკეთდა, მაგრამ არავინ დასჯილა.


2 ნოემბრიდან მოყოლებული 4 იანვრის ჩათვლით პროკურატურამ 61-მდე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მათი ნაწილი უკვე სასამართლოებზეა გადაცემული.  ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ახალ გაგზავნილ მასალებზეც იქნება რეაგირება. თუმცა პროკურატურამ, რომ ყველა დარღვევის ფაქტი გამოიძიოს, ამას არა მარტო ცესკო, არამედ საზოგადოებაც უნდა ითხოვდეს და პარლამენტიც.


ბატონო ზურაბ, რა გეგმები აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უახლოეს მომავლში და პირადად თქვენ?


ცესკოს განვითარების კონცეფცია არსებობს და ის საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პრინციპს ეყრდნობა, თუმცა რამდენად მიიღებს ახალი პარლამენტი ამ ვარიანტს ჯერ-ჯერობით უცნობია. ჩვენ ვაპირებთ, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ამ კონცეფციის დეტალები.


ამ კონცეფციის ერთგვარი გამოცდა ჩვენ საექსპერიმენტო უბანზე მოვაწყვეთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ ახალგაზრდებმა, რომელთაც პროფესიული ნიშნით დააკომპლექტეს უბანი ნამდვილად გაამართლეს. მე ვფიქრობ, რომ 5-7 წევრიანი ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულფასოვნად მოახერხებს გაწიოს არჩევნების ორგანიზება.


რაც შეეხება ჩემს ბედს, უნდა დაველოდოთ ცესკოს ახალი შემადგენლობის არჩევას, მანამდე არსებული ინარჩუნებს უფლებამოსილებას. მე ვიქნები თუ არა ახალ შემადგენლობაში, ეს დამნიშნავი სუბიექტების გადასაწყვეტია [პარლამენტი, პრეზიდენტი – “სივილ ჯორჯია”].

მსგავსი/Related

Back to top button