ახალი ამბები

აჭარაში არჩევნები ჩაიშალა

18 აპრილს აჭარის ორ ოლქში – ხულოსა და ქობულეთში, დანიშნული ხელახალი არჩევნები აღარ ჩატარდება, რისთვისაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი მთელ პასუხისმგებლობას ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღავენლობას აკისრებს.

ცესკო 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სავარაუდოდ 19 აპრილს ხულოსა  და ქობულეთის მონაცემების გარეშე შეაჯამებს, ხოლო საქართველოს ახალი პარლამენტის პირველის სხდომა 21 ან 22 აპრილს დაინიშნება, სადაც ერთ-ერთი პირველი განხილვის საგანი აჭარაში შექმნილი კრიზისული ვითარება იქნება.

“18 აპრილს ცესკო ტექნიკურად ვერ უზრულველყოფს არჩევნების ჩატარებას, რადგანაც იქ უსაფრთხოების ელემეტარული გარანტიები არ არსებობს, როცა არჩევნების მომზადებაში ხელს გვიშლიან შეიარაღებული პირები, ჩვენ უძლურნი ვართ გავმართოთ არჩევნები” – განაცხადა 16 აპრილს გამართულ პრეკონფერენციაზე ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც 14 აპრილს აჭარაში აბაშიძის მომხრეებმა არ შეუშვეს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ცესკოს ხულოსა და ქობულეთში არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით არანაირი დადგენილება არ მიუღია, შესაბამისად, იურიდიულად 18 აპრილის ხელახალი არჩევნები ძალაშია.

იმ ფაქტს, რომ ხულოს დაახლოებით 17 ათასი, ხოლო ქობულეთის 43 ათასამდე ამომრჩეველი ვერ შეძლებს 18 აპრილს გამოხატოს საკუთარი ნება არჩევნებში მონაწილეობით, წინ უძღოდა ძალადობის ფაქტები, რომელიც აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მიმართ განახორციელა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო – 13 აპრილს ცესკოს მიერ შექმნილი სპეციალური შვიდკაციანი ჯგუფები, რომელთაც დაევალათ ხულოსა და ქობულეთში არჩევნების მომზადება, აჭარაში გაემგზავრნენ. მათ წინააღმდეგობა ადგილობრივი ხელისუფლებისა და აბაშიძის მხარდამჭერების მხრიდან თავიდანვე შეხვდათ, როცა ადმინისტრაციულ შენობებში არ შეუშვეს და ხელი შეუშალეს მუშაობის ნორმალურად წარმართვაში. საბოლოოდ კი ცესკოდან წარგზავნილი წარმომადგენლები ჯერ ქობულეთიდან, ხოლო შემდეგ ხულოდანაც გამოაძევეს. ამ ფაქტებს დაერთო 14 აპრილს ჩოლოქის გადაკეტვა და ცესკოს თავმჯდომარის აჭარაში არ შეშვება. 

“მთელი პასუხისმგებლობა ხულოსა და ქობულეთში არჩევნების ჩაშლის გამო აჭარის ადგილობრივ ხელისუფლებას ვაკისრებ”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამასთან, ცესკოს თავმჯდომარემ გენერალურ პროკურორს ირაკლი ოქრუაშვილს ორი წერილი გაუგზავნა. ზურაბ ჭიაბერაშვილი დანაშაულის ნიშნების დადგენის შემთხვევაში მოითხოვს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას იმ პირების მიმართ, ვინც 28 მარტის არჩევნებზე აჭარის ექვსივე ოლქსა და ქვემო ქართლში დარღვევები ჩაიდინა და ვინც ცესკოს დროებითი ჯგუფები ხულოსა და ქობულეთის ოლქებიდან გამოაძევა და 14 აპრილს ცესკოს თავმჯდომარეს აჭარის ტერიტორიაზე შესვლის საშულება არ მისცა.
 
ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა არჩევნების მიმართ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულებას.

“არ ვურჩევდი ასლან აბაშიძეს, რომ არძინბას და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ლიდერების მსგავსად უარი თქვას არჩევნების ჩატარებაზე”, –  განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა.

“თუკი 18 აპრილის არჩევნები ჩაიშლება, მაშინ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება”, – აცხადებდა 15 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ცესკოს გადაწყვეტილების კანონიერება, ხულოსა და ქობულეთში არჩევნების დანიშვნის შესახებ, ეჭვებს ბადებს. როგორც იურისტები აცხადებენ ცესკოს კანონმდებლობის მიხედვით არ აქვს უფლება გააუქმოს საარჩევნო ოლქის შედეგები, რადგან ეს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,” “აღორძინების კავშირთან” ერთად სასამართლოს მიმართა, თუმცა თბილისის საოლქო სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

“ცესკოს გადაწყვეტილება, რომლითაც ხულოსა და ქობულეთში არჩევნების შედეგები გაუქმდა და ხელახალი არჩევნები დაინიშნა აბსოლუტურად უკანონოა, რეალურად ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული”, – აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი, რომელმაც საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

თუმცა ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, რადგანაც ცესკომ უკვე განაცხადა, რომ 18 აპირლს დანიშნული არჩევნები ჩაიშალა.

მსგავსი/Related

Back to top button