ახალი ამბები

არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება ჭიანურდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკ) არჩევნების შეჯამების პროცესი მიმდინარეობს. კანონმდებლობით, ცსკ-მ 28 მარტის ხელახალი არჩევნების შედეგები 15 აპრილისათვის უნდა შეაჯამოს, თუმცა აჭარის ორ ოლქში – ქობულეთსა და ხულოში 18 აპრილისათვის დანიშნულმა ხელახალმა არჩევნებმა შესაძლოა საბოლოო შედეგების გამოცხადება შეაფერხოს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, მხოლოფდ ორ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შანსი მოხვდეს საკანონმდებლო ორგანოში. სახელისუფლებო პარტია “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები” 67,02%-იანი მაჩვენებლით ლიდერობს, ხოლო ოპოზიციური კოალიცია “მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლები” 7,62%-ით საარჩევნო ბარიერს ლახავენ. დანარჩენი პოლიტიკური სუბიქტები ბარიერს მიღმა რჩებიან. როგორც მოსალოდნელია საბოლოო შედეგები ამ მონაცემებისგან დიდად არ იქნება განსხვავებული.

თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პრობლემები შეექმნას „მემარჯვენე ოპოზიციას,“ რომელსაც ამ ეტაპზე გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებათ. საჩივრების განხილვის პროცესი, რომელიც არჩევნებს ტრადიციულად მოსდევს, “მემარჯვენე ოპოზიციის” ხმებს რეალურ საფრთხეს უქმნის.

ამ ეტაპზე საარჩევნო ადმინისტრაციებმა 50-ზე მეტი უბნის შედეგი გააბათილა. აქედან დიდი წილი ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის, სადაც ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არჩევნების დღეს ყველაზე მეტი დარღვევები დააფიქსირეს. გარდაბანსა და მარნეულის ოლქებში 26 უბნის შედეგი გაბათილდა. აღსანიშნავია, რომ გაბათილებული უბნების უმრავლესობაში “მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწველები, ახლები” ხმათა სოლიდურ რაოდენობას ფლობდნენ.


ცსკ-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი აჭარის მიმართ პრინციპულობას ბოლომდე იჩენს. ამაზე მეტყველებს 2 აპრილს ცსკ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ქობულეთსა და ხულოს ოლქებში არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი და ხელახალი არჩევნები 18 აპრილისათვის დაინიშნა. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო დარღვევების უამრავი ფაქტი და საჩივარი, რომელიც ცსკ-ს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და კომისიის წევრებმა მიაწოდეს.


“ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ვიდრე სამართლებრივი”, აცხადებენ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”. მათ ცესკოს ეს გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს.


საარჩევნო კოდექსის მიხედვით ცსკ-ს არ ჰქონდა უფლება ბათილად ეცნო არჩევნების შედეგები ქობულეთსა და ხულოში. გარდა ამისა, არ არსებობდა განმეორებით არჩევნების დანიშვნის საჭიროებაც, რადგან ამ ორ ოლქში დაფიქსირებული შედეგები საერთო შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს.


“რა მოტივთაც არ უნდა გაამართლოს ცსკ-მ საკუთარი გადაწყვეტილება, სასამართლომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გააუქმოს ხულოსა და ქობულეთში არჩევნების დანიშვნის განკარგულება”, აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციალციის” ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი.


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სასამარლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, თუმცა პარალელურად ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნებისათვის მზადებას განაგრძობენ. არჩევნებს ამ ოლქებში სპეცჯგუფები ჩაატარებენ, რომელიც ცსკ-ს წევრებით იქნება დაკომპლექტებული, ვინაიდან ცსკ-მ ქობულეთისა და ხულოს საოლქო კომისიებს უფლებამოსილება შეუწყვიტა.


პარალელურად საჩივრების განხილვა სასამართლოებშიც მიმდინარეობს. ლეიბორიტულმა პარტია სასამართლოს გზით შეეცადა 12 საარჩევნო ოლქის შედეგების გაუქმებას და იქ ხმათა ხელახალი დათვლა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.


ამის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებრიობას დახმარებისთვის, “რათა მათ აიძულონ სააკაშვილი არ დაამტკიცოს ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგები და საერთაშორისო დამვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს ბიულეტენების ხელახალი გადათვლა”.
 
6 აპრილს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა კოდორის ხეობაში, სადაც 28 მარტს არჩევნების გამართვა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოხერხდა. კოდორის ხეობის შედეგები მიემატება საერთო შედეგებს, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საოლქო კომისიებიდან შესული ინფორმაციის შედეგად უკვე დაჯამებულია.

Back to top button