ახალი ამბები

განცხადება წინასწარი შედეგებისა და დასკვნების თაობაზე

საარჩევნო დამკვირვებელთა საერთაშორისო მისია

განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები, საქართველო – 28 მარტი, 2004 წელი

თბილისი, 2004 წლის 29 მარტი – საარჩევნო დამკვირვებელთა საერთაშორისო მისია, რომელიც მივლინებულ იქნა განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში, არის ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის პარლამენტის ერთობლივი წამოწყება.


ეს წინასწარი განცხადება ქვეყნდება არჩევნების ოფიციალური შედეგების შეჯამებამდე და გამოცხადებამდე, აგრეთვე არჩევნების დღის საჩივრებისა და სარჩელების განხილვამდე. საარჩევნო პროცესის სრული და საბოლოო ანალიზი მოცემული იქნება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საბოლოო მოხსენებაში.


წინასწარი დასკვნები


საქართველოში 2004 წლის 28 მარტს გამართულმა განმეორებითმა საპარლამენტო არჩევნებმა წინა არჩევნებთან შედარებით სანაქებო პროგრესი აჩვენა. 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა შესაძლებლობა, მიეახლოვებინა საქართველოს საარჩევნო პროცესი დემოკრატიული არჩევნების ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან.


თუმცა, 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ ჯერაც არ მომხდარა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების საბოლოო ნორმალიზება, რაც საარჩევნო პროცესშიც აისახა. დემოკრატიული საარჩევნო პროცესის კონსოლიდაციის სრულფასოვანი გამოცდა მხოლოდ უფრო კონკურენტულ გარემოში იქნება შესაძლებელი, როდესაც პოლიტიკური პლურალიზმის ჭეშმარიტი დონე აღდგება.


აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული პირობები კვლავაც არ უწყობდა ხელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ოპოზიციის მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა აჭარის საარჩევნო გარემოში დემოკრატიის სერიოზული დეფიციტის მაჩვენებელი იყო. ასეთმა სიტუაციამ დაჩრდილა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მხრივ ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, სადაც არჩევნები გაიმართა და შექმნა არჩევნების ორმაგი სტანდარტი საქართველოში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სანაქებო ძალისხმევა გასწია არჩევნების სანდო და პროფესიონალური ადმინისტრირებისათვის.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინა წარსულში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის მიერ შემუშავებული ზოგიერთი რეკომენდაცია, რის შედეგადაც საარჩევნო პროცესი საგრძნობლად გაუმჯობესდა.


თუმცა, ზოგიერთი რეკომენდაცია, რომელიც უფრო პოლიტიკური ხასიათისა იყო, მაგალითად საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად გადასალახი 7%-იანი ბარიერის დაწევა, რეაგირების გარეშე დარჩა. ზოგიერთ შემთხვევაში, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარ უფლებამოსილებას აჭარბებდა, მაგალითად, როდესაც ის გადასწევდა კანონით დადგენილ საბოლოოო ვადებს და თავისი დადგენილებებით სხვა შაკანონმდებლო დებულებებს ცვლიდა.


პრეზიდენტ სააკაშვილის წინადადება, ხუთიდან სამამდე შეემცირებინა მის მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა ზოგიერთ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიაში, იყო პასუხი იმ შეშფოთებაზე, რომელიც საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური ბალანსის არარსებობით იყო გამოწვეული. თუმცა, პრეზიდენტის დათმობა და მის შედეგად საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები საარჩევნო პროცესის გვიან ეტაპზე განხორციელდა, არ იყო დარეგულირებული კანონით და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზეც უნდა გავრცელებულიყო.


საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების უუნარობა, დაეცვათ სათანადო დისტანცია მმართველი პარტიებისგან, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ჩარევა ქვედა დონის კომისიების საქმიანობაში, კვლავაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ყველა დონის საარჩევნო ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერება მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. მართალია ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების დომინანტურმა პოზიციამ ამ არჩევნების დროს ნაკლებად პლურალისტული გარემოს შექმნა განაპირობა, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა, საერთო ჯამში, 16 პოლიტიკურმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა მიიღო, რომლებიც ფართო პოლიტიკურ სპექტრს წარმოადგენდნენ და არჩევანის გარკვეულ ხარისხს უზრუნველყოფდნენ.


აჭარის გამოკლებით, არჩევნების მონაწილეებს კამპანიის თავისუფლად წარმართვის საშუალება ჰქონდათ. თუმცა, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა პასიურობდა, რაც ასევე ძალზედ პასიურ კამპანიაში აისახა. პარტიები მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ბოლო კვირაში გააქტიურდნენ.


მედიის ფართო და მრავალფეროვან სპექტრს კამპანიისა და საარჩევნო სამზადისის თავისუფლად აშუქების საშუალება ჰქონდა. თუმცა, სახელმწიფო ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში ძალზედ დიდი ყურადღება ეთმობოდა ხელისუფლებას და მის მხარდამჭერ პარტიებს, ხოლო პოლიტიკური დებატებისა და აზრთა გაცვლისათვის საკმარისი საეთერო დრო გამოყოფილი არ იყო. აჭარის ტელევიზია კვლავაც ამჟღავნებდა აშკარა მიკერძოებას აჭარის ხელისუფლების სასარგებლოდ. Mედიის მიერ საარჩევნო პროცესის გაშუქება კიდევ უფრო მეტად შეიზღუდა იმის გამო, რომ პარტიების უმრავლესობა თვალსაჩინო და ეფექტიან კამპანიას არ აწარმოებდა.


საარჩევნო დამკვირვებელთა მისია ამ არჩევნებში შემდეგ პოზიტიურ ელემენტებს აღნიშნავს:


• საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების გაუმჯობესება;


• უფრო პროფესიონალური და ღია ცენტრალური საარჩევნო კომისია;


• სანაქებო ძალისხმევა მიმართული ამომრჩეველთა სიების გაუმჯობესების, კომპიუტერიზაციისა და კონსოლიდაციისაკენ, თუმცა ეს სიები კვლავაც არასრულია;


• მშვიდობიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო პერიოდი, აჭარის გამოკლებით, თუმცა კამპანია გვიან დაიწყო და შეზღუდულ ხასიათს ატარებდა;


• მედიის მიერ საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება, აჭარის გამოკლებით;


• ძალისხმევა, მიმართული არჩევნებში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის ზრდისაკენ, მათ შორის ორენოვანი ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მასალების დაბეჭდვა;


• ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა გაუმჯობესებული მომზადება.


• ბიულეტენების მეტი ფარულობა;


• ნაკლები რაოდენობით პოლიციელების ყოფნა საარჩევნო უბნებში და მათ სიახლოვეს.


თუმცა, კვლავაც არის საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს:


• აჭარის ხელისუფლებას სავსებით არ სურს შექმნას სათანადო პირობები ამ რეგიონში
სრულფასოვანი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად;


• სახელმწიფო ადმინისტრაცია და პოლიტიკური პარტიების სტრუქტურები კვალავაც არ არ ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნული და სახელმწიფოს ადმინისტრაციული რესურსების არადანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა კვლავ არსებობს;


• არ ხერხდება ყველა დონეზე საარჩევნო კომისიების დაბალანსებული შემადგენლობის ფორმირება;


• ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ჩარევა ქვედა დონის მთელი რიგი კომისიების საქმიანობაში, რაც ამცირებს მათ დამოუკიდებლობას;


• სახელმწიფო ტელევიზიის უუნარობა უზრუნველყოს საარჩევნო კამპანიის გაწონასწორებული გაშუქება და შეასრულოს პოლიტიკური დებატებისა და აზრთა გაცვლის ფორუმის როლი;


• პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად გადასალახი 7%-იანი ბარიერის შმეცირების სურვილის არარსებობა მცირე ხნის წინათ მიღებული საკონსტიტუტიო ცვლილებების დროს;


• 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, შემცირებული ყურადღება ადგილობრივი დამკვირვებლების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში.


თუმცა, არჩევნების დღეს, ადგილობრივი დამკვირვებლები გაცილებით უფორ მეტ საარჩევნო უბანში იყვნენ, ვიდრე წინა არჩევნების დროს. არჩევნების დღეს, ხმის მიცემა წყნარ და მნშვიდობიან ატმოსფეროში მიმდინარეობდა. საუბნო საარჩევნო კომისიები ზოგადად კოლეგიალურად მუშაობდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებული მომზადება დადებითად აისახა მათ საქმიანობაზე. დამკვირვებელთა შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიათა 80%-მა ხმის მიცემის ორგანიზება კარგად ან ძალზედ კარგად შეძლო და იცოდა, თუ როგორ უნდა წარემართა პროცესი.


არჩევნების დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციას ადგილი ჰქონდა მონახულებული საარჩევნო უბნების 90%-ში. აჭარაში, როგორც ჩანს, დარღვევები ნაკლებად სისტემატური იყო, თუმცა არჩევნებზე არსებობს ინფორმაცია ცალკეული დარღვევების შესახებ.

დარღვევები ხმის მიცემის პროცესში კვლავაც განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მარნეულში, გარდაბანში და ტყიბულში, სადაც, დამკვირვებელთა მოხსენებების თანახმად, ადგილი ჰქონდა მრავალჯერადი ხმის მიცემისა და ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევებს, აგრეთვე ამომრჩეველთა აქტივობის საეჭვოდ მაღალ მაჩვენებლებს.

საარჩევნო დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიაში წარმოდგენილი ინსტიტუტები მზად არიან კვლავაც დაეხმარონ საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო პროცესის დარჩენილი ნაკლოვანებების გამოსწორებაში, რათა ჩატარდეს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები, რომლებიც სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს, როგორც ეუთო-სა და ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებთან და სხვა ევროპულ სტანდარტებთან.

წინასწარი შეფასებები


ზოგადი ინფორმაცია


28 მარტის განმეორებითი საპარალამენტო არჩევნებით დასრულდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეოთხე პარლამენტის არჩევა. 2003 წლის 2 ნოემბერს გამართული არადამაკმაყოფილებელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ ბათილად სცნო არჩევნების პროპორციული კომპონენტის შედეგები. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, მაჟორიტარული არჩევნების შედეგები არ გასაჩივრებულა, მიუხედავად იმისა, რომ მათი გარკვეული ნაწილი ასევე არადამაკმაყოფილებელი იყო. აქედან გამომდინარე, 28 მარტს მხოლოდ ხელახალი პროპორციული არჩევნები გაიმართა, აგრეთვე მაჟორიტარული არჩევნები ორ ოლქში (ბოლნისი და ჭიათურა).


პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ, 2004 წლის 4 იანვრისათვის დანიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც აღინიშნა შესამჩნევი პროგრესით წინა არჩევნებთან შედარებით. მიხეილ სააკაშვილი არჩეულ იქნა პრეზიდენტად ხმათა 96,2 %-ით. მან დანიშნა ზურაბ ჟვანია ჯერ სახელმწიფო მინისტრად, ხოლო შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, პრემიერ მინისტრად. მთავრობის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ფართოდ გაშუქებული და მძლავრი ანტი-კორუფციული კამპანიის დაწყება, რასაც რამოდენიმე პირის დაპატიმრება მოჰყვა.


ნოემბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გარემო მკვეთრად შეიცვალა. პარტიებმა, რომლებიც წარმართავდნენ ნოემბრის მოვლენებს – ნაციონალურმა მოძრაობამ და ბურჯანაძე დემოკრატებმა – განახორციელეს საკუთარი აღმასრულებელი ძალაუფლების კონსოლიდაცია და გაერთიანდნენ. ყოფილი მმართველი პარტია, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, პოლიტიკური სცენიდან გაქრა. Dაქსაქსულმა ოპოზიციამ კონსოლიდაცია საარჩევნო ბლოკების შექმნის გზით სცადა: ახალმა მემარჯვენეებმა შექმნეს კოალიცია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსთან ერთად, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ტრადიციონალისტებთან გაერთიანდა.


2004 წლის 6 თებერვალს, პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, რის შედეგადაც, სხვა სიახლეებთან ერთად, გაძლიერდა აღმასრულებელი შტოს პოზიცია პარლამენტთან მიმართებაში და შემოღებულ იქნა პრემიერ მინისტრის თანამდებობა.

კრიტიკა გამოიწვია ცვლილებების თაობაზე საჯარო დისკუსიისა და ინფორმაციის ნაკლებობამ, რადაგანც ხელისუფლებამ უგულებელყო საკანონმდებლო დებულებები, რომელთა თანახმად, ცვლილებების მისაღებად ერთთვიანი საჯარო დებატებია საჭირო. ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მოწოდება, რომ შემდგარიყო შემდგომი განხილვა და მომხდარიყო შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების დახვეწა მათ მიღებამდე, არ იქნა გათვალისწინებული. შემდგომში, ევროპის პარლამენტმა ასევე გააკრიტიკა ის, თუ როგორ იქნა მიღებული ცვლილებები.


აჭარაში ვითარება კვლავაც დაძაბული იყო. მართალია 23 ნოემბრის შემდეგ გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ შეზღუდა კამპანიის წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ პარტიები, რომლებიც აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძის ოპოზიციას წარმოადგენენ, გაერთიანდნენ და შექმნეს მოძრაობა «ჩვენი აჭარა.» საქართველოს მთავრობასა და აჭარის ხელისუფლებას შორის ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესდა უკანასკნელ კვირებში.

14 მარტს, პრეიზდენტ სააკაშვილს არ მისცეს საშუალება შესულიყო აჭარაში, სადაც იგი კამპანიის წარმოებას აპირებდა. საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ დააწესა სანქციები აჭარის მიმართ და დაძაბულობამ მნიშვნელოვნად იმატა. ვითარება თითქოსდა მოგვარებულ იქნა 18 მარტს გამართული სააკაშვილისა და აბაშიძის შეხვედრის შედეგად. 

ისევე, როგორც წინა არჩევნების დროს, ხმის მიცემა არ გამართულა აფხაზეთში და ჯავისა და ცხინვალის ოლქებში (სამხრეთ ოსეთი). საერთაშორისო თანამეგობრობამ მნიშვნელოვანი დაფინანსება და ტექნიკური დახმარება გამოყო საპარლამენტო არჩევნებისათვის, ძირითადად ეუთო-ს საარჩევნო დახმარების პროგრამის მეშვეობით, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ არჩევნების ჩატარებაში.

საარჩევნო სისტემა და საკანონმდებლო ბაზა

პარლამენტი აირჩევა ოთხწლიანი ვადით და შედგება 235 დეპუტატისაგან, რომლებიც შერეული საარჩევნო სისტემით არიან არჩეულნი. 150 მანდატი ნაწილდება პროპორციული სისტემით საერთო ეროვნული საარჩევნო სიების მეშვეობით, ხოლო 85 მანდატის მფლობელები მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში აირჩევიან. არჩევნების პროპორციული კომპონენტი ერთიან საარჩევნო ოლქში ტარდება.

პარტიებმა და ბლოკებმა უნდა მიიღონ ხმების სულ მცირე 7%, რათა მოიპოვონ მანდატები. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეუთოს მიერ წარსულში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 23 მარტს მიიღო დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს 7% ბარიერის დაანგარიშების წესს.

თუმცა, არჩევნების წინ, თბილისის საოლქო სასამართლომ გააუქმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, რის შედეგადაც გაურკვეველი დარჩა ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, თუ როგორ დაითვლება საბოლოოდ 7%-იანი ბარიერი. ერთიანი საარჩევნო კოდექსი, რომელიც არჩევნების მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, მთლიანობაში ადეკვატურ საფუძველს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოცემული ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისიწინებული.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აგრეთვე წამოაყენა წინადადება ერთიან საარჩევნო კოდექსში მთელი რიგი ცვლილებების მიღების თაობაზე, რომლებიც ძირითადად ტექნიკურ საკითხებს უკავშირდებოდა, მაგრამ ძველმა პარლამენტმა ვერ მოახერხა მათი დამტკიცება.


საარჩევნო ადმინისტრაცია


საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა სამ დონეს მოიცავს: ცენტრალური საარჩევნო კომისია, 75 საოლქო საარჩევნო კომისია და დაახლოებით 2860 საუბნო საარჩევნო კომისია. ძალაში დარჩა 2003 წლის აგვისტოში მიღებული გარდამავალი საკანონმდებლო დებულებები საარჩევნო კომისიების შემადგენლობის თაობაზე.


ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო არჩევნების გამართვა აჭარაში, სადაც საარჩევნო კომისიები პოლიტიკურად პოლარიზებული იყო და ადგილობრივი ხელისუფლება არ ავლენდა თანამშრომლობის სურვილს. დაძაბულმა წინასაარჩევნო ვითარებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა არჩევნებისათვის მზადებაზე.

ჩენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სცადა განეხორციელებინა საკუთარი უფლებამოსილებანი აჭარის 6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში. მაგალითად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თანამდებობიდან დაითხოვა ორი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომლებმაც არ დაიცვეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მითითებები. მიუხედავად ამისა, კომისიების მრავალი წევრი, მათ შორის თავმჯდომარეები, ადგილობრივი ხელისუფლების ერთგული იყო ან არ შეეძლო მათგან დამოუკიდებლობის შენარჩუნება.


ამრიგად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ შეეძლო აჭარაში საარჩევნო პროცესის სრულად გაკონტროლება. ხელისუფლებამ განახორციელა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთელი რიგი რეკომენდაციები, მათ შორის ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები, რაც დიდად განსხვავდება წარსულში არსებული პრაქტიკისაგან.

მაგალითად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოაყენა წინადადება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მის მიერ დანიშნული წევრების რაოდენობის ხუთიდან სამამდე შემცირების თაობაზე, თუმცა არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, და ამრიგად, კომისიებში არსებულ დისბალანსთან დაკავშირებული შეშფოთება ნაწილობრივ გათვალისწინებულ იქნა. კომისიებში ადგილების ამგვარი «გადანაწილებით» ისარგებლეს «ერთობამ,» ედპ-ტრადიციონალისტების ბლოკმა და, უფრო მცირე მასშტაბით, სოციალისტურმა პარტიამ.

თუმცა, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე ერთგვარი დაბნეულობა წარმოიშვა იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება დაგვიანებით იქნა მიღებული, მის განხორციელებას გაურკვევლობა ახლდა თან და კომისიების შემადგენლობაში ცვლილებები გრძელდებოდა.


მოკლე ვადებში განხორციელებულ შესამჩნევ დადებით ცვლილებებს შორის იყო:


• ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაცია და კონსოლიდაცია მონაცემთა ცენტრალურ
ბაზაში;


• უფრო ეფექტიანი და პროფესიონალური საარჩევნო აპარატი ცენტრალურ დონეზე;


• მზადყოფნა,

მსგავსი/Related

Back to top button