ახალი ამბები

„ეგზით პოლის“ მიხედვით საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება

„ეგზით პოლის“ წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალურმა მოძრაობა-დემოკრატებმა“ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 78,6% მოაგროვეს, მაშინ როცა სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს 7%-იანი ბარიერის გადალახვა.
 
თუ „ეგზით პოლის“ შედეგები გამრთლდა, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში დარჩენილ 150 ადგილს მთლიანად მმართველი პარტია დაიკავებს.  
 
„ეგზით პოლების“ შედეგებით „მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლებმა“ ხმების 4,8% მიიღეს; ლეიბორისტული პარტია – 4,4%; დემოკრატიული აღორძინების კავშირი – 3,7%; თავისუფლება – 3,6%; ბლოკი „პატიაშვილი – ერთობა“ – 1,6%; ბლოკი „ედპ-ტრადიციონალისტები“ – 1,4% და სოციალისტური პარტია – 0,5%.
 
„ეგზით პოლები“ IPM ჯგუფმა და სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა BCG-მ განახორციელეს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს,“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ბრიტანეთის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.
 
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებს 29 მარტს გამოაცხადებს.
 
ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე გამოხატეს პროტესტი არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე. ლეიბორისტული პარტიის ასობით მხარდამჭერმა ცსკ-ს წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, „არჩევნების ტოტალური გაყალბება მოხდა“.
 
ედპ-ტრადიციონალისტების საარჩევნო ბლოკის ლიდერის აკაკი ასათიანის განცხადებით, „ერთპარტიული პარლამენტი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება“.
 
აჭარაში მიმდინარე არჩევნებმა საქართველოს დანარჩენ ნაწილში არჩევნების პროცესი ჩრდილში მოაქცია. პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სპეციალურად ჩავიდა აჭარაში არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. დღის მეორე ნახევარში იგი აჭარის ლიდერს შეხვდა და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა.
 
„აჭარაში რაიმე სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა. ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე თავდასხმებისა და დარბევის თაობაზე არ დადასტურდა“, – განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ.
 
მანამდე, ცსკ-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ უცნობმა ჯგუფმა ავტონომიურ რესპუბლიკაში ორი საარჩევნო უბანი დაარბია; თუმცა ეს ინფორმაცია არც დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა, არც აჭარის ლიდერმა და პრემიერმა არ დაადასტურეს.
 
ოფიციალურ წარმომადგენელთა და ადგილობრივ დამკვირვებელთა თქმით, არჩევნები ნორმალურ ატმოსფეროში ჩატარდა; თუმცა რამოდენიმე სერიოზული დარღვევა მაინც დაფიქსირდა. ცსკ-მ გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძრა მოსთხოვა საარჩევნო კომისიების ზოგიერთი წევრების მიმართ არჩევნების მიზანმიმართული გაყალბების გამო.  
 
ეუთოსა და ევროპის საბჭოს საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების წინასწარ შეფასებას 29 მარტს წარმოადგენენ.
 
28 მარტის საპარლამენტო არჩევნები 2 ნოემბრის გაყალბებული არჩევნების ნაწილობრივ ხელახალი ჩატარება იყო. 25 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პროპორციული არჩევნების შედეგები. თუმცა, მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ძალაში დარჩა.
 
ამგვარად, 75 მაჟორიტარი დეპუტატი თავიანთ ადგილებს დაიკავებს ახალ პარლამენტში, ხოლო 11 პოლიტიკური პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი პროპორციული სიებით 150 ადგილისთვის იბრძოლებს ახალი მოწვევის პარლამენტში. დარჩენილი 10 ადგილი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკუთვნით.
 
საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც არ გაითვალისწინა ევროპის საბჭოს რეკომენდაცია 7%-იანი ბარიერის შემცირების თაობაზე, 70%-იან მხარდაჭერას მოელოდა არჩევნებში.პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ მას არ სურდა „მკვეთრი ოპოზიციის ხილვა საკანონმდებლო ორგანოში“.

მსგავსი/Related

Back to top button