ახალი ამბები

ცსკ და დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს „ნორმალურს“ უწოდებენ







Around 8,000 local and 450 international
observers monitor Georgian polls.
ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, არჩევნები „მიუხედავად არსებული პროცედურული დარღვევისა მთლიანობაში ნორმალურად მიმდინარეობს“. საარჩევნო უბნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც გაიხსნა, თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება დღის ბოლოს აჭარის საარჩევნო უბნების მოსალოდნელი დარბევის თაობაზე.

„ძირითადად საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. თუმცა, გარკვეული დარღვევები უკვე დაფიქსირდა, განსაკუთრებით ქვემო ქართლში და მე ვთხოვ გენერალურ პროკურატურას გამოიძიოს ეს დარღვევები“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა 28 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

საარჩევნო პროცესი აჭარაშიც მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, რომელიც არჩევნებზე მონიტორინგს ახორციელებს, „რაიმე სერიოზული დარღვევები აჭარაში არ დაფიქსირებულა.“

თუმცა, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ იტყობინება, აჭარაში დაფიქსირდა ამ ორგანიზაციის დამკვირვებლის ცემის ფაქტი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს დილით აჭარის საარჩევნო უბნების შესაძლო დარბევის შესახებ ისაუბრა.


„ვაფრთხილებ ყველას, ვინც აპირებს დაარბიოს საარჩევნო უბნები, ამგვარი ქმედებები ძალიან უარყოფით შედეგებს მოუტანს მათ“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია უკვე ჩავიდა ბათუმში, რათა არჩევნების პროცესი პირადად გააკონტროლოს.


„იმედი მაქვს არჩევნები აჭარაში მშვიდობიან ატმოსფეროში ჩატარდება. ვიზიტის დროს ასევე ვაპირებ შევხვდე აჭარის ლიდერს“, – განაცხადა ჟვანიამ აჭარაში ჩასვლისთანავე.


„აჭარაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება შექმნის წინაპირობას აჭარაში მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა, ჩვენ ვეღარ შევეგუებით არჩევნების გაყალბებას რეგიონში“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ.


საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩეველთა 1/3-მა უნდა მიიღოს მონაწილეობა, იმისათვის რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს. თუმცა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მხოლოდ არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი, რადგანაც ამომრჩეველთა რეგისტრაცია არჩევნების დღესაც გრძელდება. არსებული მონაცემებით, 2,2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ გაიარა წინასწარი რეგისტრაცია.  

მსგავსი/Related

Back to top button