ახალი ამბები

სააკაშვილი მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.


“ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას ნიშნავს. მეტად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მისვლა არჩევნებზე და თავისუფალი არჩევანის გაკეთება. ეს განაპირობებს შემდგომში, თუ რა ხალხი მოხვდება პარლამენტში”, – განაცხადა 26 მარტს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია აჭარაში არჩევნების ჩატარება. არჩევნების დღეს პრეზიდენტის დავალებით ბათუმში პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და მთავრობის დანარჩენი წევრები გაემგზავრებიან და ადგილზე დააკვირდებიან არჩევნების მიმდინარეობის პროცესს. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა აჭარის მოსახლეობას აქტიურობისკენ. “ნუ შეუშინდებით რაიმე ზეწოლას, მიდით საარჩევნო უბნებზე და საკუთარი არჩევანი გააკეთეთ, ეს მეტად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button