ახალი ამბები

ასლან აბაშიძე აჭარის მოსახლეობაში იარაღის დარიგების ფაქტს უარყოფს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ აჭარის მოსახლეობაში იარაღი ბოლო დროს ცენტრსა და რეგიონს შორის დაძაბული ვითარების გამო დარიგდა. ეს საკითხი აჭარის ლიდერმა აშშ-ის ელჩთან რიჩარდ მაილსთან 26 მარტს შეხვედრის დროს განიხილა.


“რიჩარდ მაილსი ამბობდა, რომ ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ იარაღი, აინტერესებდა რამდენი იარაღია აჭარაში და რამდენი დაურიგდა მოსახლეობას. მე გულწრფელად ვაცხადებ და არ დამიმალავს, რომ ჩვენ დღეს მოსახლეობისთვის იარაღი არ დაგვირიგებია”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ 26 მარტს აჭარის ტელევიზიის ეთერში.


მისი თქმით, იარაღი პირველად მოსახლეობას ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის დროს დაურიგდა, რადგანაც აჭარას არ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ფორმირებები. “იარაღის ამოღება რამდენჯერმე ვცადეთ, მაგრამ ვერ მოხერხდა, არც ახლა შეიძლება მოხერხდეს, მითუმეტეს მაშინ როცა შენ საკუთარ მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებ”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ.


აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი ბათუმში 26 მარტს ჩავიდა და ასლან აბაშიძესთან გამართა მოლაპარაკებები.

მსგავსი/Related

Back to top button