skip to content
ახალი ამბები

არჩევნების მასშტაბური დაკვირვება იგეგმება

დაახლოებით 500 საერთაშორისო დამკვირვებელთან ერთად 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებს 6,500-ზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს. ეს წინა არჩევნების დროს მოქმედ დამკვირვებლებზე გაცილებით მეტია.

დამკვირვებელთა ეს რაოდენობა ძირითადად სამი ორგანიზაციის ეგიდით იმოქმედებს – ფონდი “სამართლიანი არჩევნები,” “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) და ახლად შექმნილი სადამკვირვებლო ორგანიზაცია «მოძრაობა ახალი თაობა – ახალი ინიციატივა.” შედარებით მცირე რაოდენობის დამკვირვებელი ეყოლება “ახალგაზრდა იურისტთა აცოციაციას.”

ამას გარდა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ახლაც ჩატარდება პარალელური დათვლა, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება კი დამკვირვებლების მხრიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიექცევა.

«ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ამ არჩევნების მეთვალყურეობა, ვინაიდან აქ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეიძლება იყოს კომისიების მხრიდან, საარჩვენო პროცედურებისა და დაინტერესებული საარჩევნო სუბიექტების მხრიდანაც» – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ISFED წარმამადგენელმა თამარ ჟვანიამ.

განსაკუთრებულ ყურადღებას დამკვირვებლები ხმათა პარალელური დათვლის პროცედურას მიაქცევენ, რომელსაც ISFED განახორციელებს, რომელსაც საქართველოს მაშტაბით 2600-ზე მეტი დამკვირვებელი ეყოლება. სწორედ ხმათა პარალელური დათვლის შედეგად გახდა თვალსაჩინო 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბების მაშტაბები. 

ეუთოსა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით ადგილზე მონიტორინგი და ხმების პარალელური დათვლა საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე იწარმოებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხემძღვანელობასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბული ვითარების გამო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აჭარაში ჩატარებული ხმის მიცემის პროცედურა. რეგიონი სადამკვირვებო ორგანიზაციების განსაკუთრებული ყურადღების.

ამ მხრივ განსაკუთრებით ფონდი “სამართლიანი არჩევნები” და ISFED აქტიურობენ.

“ჩვენს ორგანიზაციას 1700-ზე მეტი დამკვირვებელი ეყოლება მთელი საქართველოს მაშტაბით. თუმცა, რა თქმა უნდა განსაკუთრებული ფოკუსი აჭარაზე გაკეთდება. არჩევნებს აჭარაში ჩვენი 275 დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს,” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ფონდის წარმომადგენელმა ზაზა დარასელიამ.

უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ არჩევნების დღის მონიტორინგისათვის მზადების გარდა, «ფონდი სამართლიანი არჩევნეები» წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგსაც ახორციელებს, რაც ზაზა დარასელიას თქმით, მოიცავს ყველა იმ აქტივობის მონიტორინგს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს უნდა განეხორციელებინა იანვრის თვიდან არჩვენების მოსამზადებლად და ამომრჩევლების ინფორმირებულობისათვის.

«წინა არჩევნებიდან გამომდინარე ქვემო ქართლი და აჭარა იყო ყველაზე მეტად მძიმე რაიონები და რა თქმა უნდა მათზე აქცენტირებას ვაკეთებთ» – აცხადებს ISFED-ს წარმომადგენელი თამარ ჟვანია. ISFED-ს აჭარაში 300 დამკვირვებელი 275 უბანზე ეყოლება.

ამასთანავე საინტერესეოა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გადაწყვეტილებაც, რომელიც არჩევნებს მხოლოდ 7 ოლქში დააკვირდება (დაახლოებით 290 დამკვირვებელი), ესენია: ბოლნისის ოლქი, მარნეულის, გარდაბანის, რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ბათუმის.

“თუმცა, ძირითადად დაკვირვება მაინც ბათუმის ოლქზე იქნება ორიენტირებული და კონცენტრირებული,” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა ქეთი ხუციშვილმა.

კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს არის ახლადშექმნილი «მოძრაობა ახალი თაობა – ახალი ინიციატივა,» რომლისთვისაც 28 მარტის არჩევნები დებიუტი იქნება. ამ ორგანიზაციას 2000 კაციანი სადამკვირვებლო ჯგუფი ეყოლება.

ახალდშექმნილ ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა პარტიებს, რათა ხელი მოაწერონ მემორანდუმს, რომლის მიხედვით პარტიები ურთიერთპატივისცემას დააფიქსირებდნენ. თუმცა ეს ინიციატივა ჯერ კვლავაც განუხორციელებელია.

«ჩვენ გვინდა, რომ ყველა საარჩვენო ბლოკმა თუ პარტიამ წინასაარჩევნო დღეებში გარკვეულ მემორანდუმს მოაწეროს ხელი, სადაც ერთმანეთის მიმართ ღიად დააფიქსირებენ პატივისცემას და მათთვის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში სამოქალაქო დაძაბულობის ესკალაციისაკენ არ მიმართავენ რამე ქმედებებს და კონსტიტუციის ფარგლებში დარჩებიან,» – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” «მოძრაობა ახალი თაობა – ახალი ინიციატივის» წარმომადგენელმა კოკი იონათამიშვილმა.
 
აღსანიშნავია, რომ 4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოხსენებაში ადგილობრივი ორგანიზაციების აქტიურობა არც თუ დადებითად იყო შეფასებული და აღნიშნული იყო რომ “ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საჭირო აქტიურობა ვერ გამოიჩინეს.”  მათ ამ ხარვეზის გამოსწორების შანსი 28 მარტს ექნებათ.

Back to top button