ახალი ამბები

სამართალდამცავებმა აჭარის მკვიდრი, მკვლელობებში ეჭვმიტანილი დააკავეს

სამართალდამცავებმა დღეს აჭარის მკვიდრი, სხვადასხვა მკვლელობებში ეჭვმიტანილი ლერი ბერიძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი ასევე ეჭვმიტანილია ბათუმში იანვარში აჭარის შს სამინისრტოს საგანგებო მდგომარეობის განყოფილების ხელმძღვანელის თემურ ინაიშვილის მკვლელობაში. დღეს განცხადება ამის შესახებ უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიორგი უგულავამ გააკეთა.


მისი ინფორმაციით, დაკავებული პიროვნება თბილისში კონკრეტული დავალებით იყო ჩამოსული და მას გაერთიანებული ოპოზიციის “ჩვენი აჭარის” ლიდერების კობა ხაბაზის და ედვარდ სურმანიძის ფიზიკური ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა.


“დავალება ამ პიროვნებას სავარაუდოდ აჭარის უშიშროების მინისტრისგან  სოსო გოგიტიძისგან ჰქონდა მიღებული. ამას ახლა გამოძიება დაადგენს და ვიმედოვნებთ, რომ დაკავებულის დაკითხვის შემდეგ ბევრი დანაშაული გამჟღავნდება“, – განაცხადა გიორგი უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


აჭარის უშიშროების მინისტრს სოსო გოგიტიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გენერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 16 მარტს აღძრა. მას თემურ ინაიშვილის მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი.

მსგავსი/Related

Back to top button