ახალი ამბები

არჩევნების წინ ბათუმსა და თბილისს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მატულობს

აჭარაში საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება საქართველოს პრეზიდენტსა და ავტონომიის ლიდერს შორის სიტყვიერი დაპირისპირებისა და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

მხარეებს შორის მორიგი ბრალდებები 24 მარტს გაისმა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა  ასლან აბაშიძე რეგიონში ჩეჩნეთიდან და უკრაინიდან დაქირევაბული შეიარაღებული დაჯგუფების შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა და აჭარის ლიდერი გააფრთხილა არ დაუშვას მსგავი ფაქტები. პრეზიდენტის ამ განცხადებას არა მარტო აბაშიძის, არამედ უკრაინის პროტესტიც კი მოჰყვა.

“ვურჩევ ასლან აბაშიძეს არც იფიქროს ამაზე. ერთი უცხოელიც, რომ შემოვიდეს, რომელიც ხელს აიღებს საქართველოს ხელისუფლების წინაარმდეგ, ეს დამთავრდება ყველასათვის ძალიან ტრაგიკულად” – განაცხადა 24 მარტსს საქართველოს პრეზიდენტმა.


ასლან აბაშიძემ პრეზიდენტის ბრალდება უარყო და მას “სასაცილო” უწოდა. პარალელურად ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში შეჭრის მცდელობაში დაადანაშაულა.


“ძალიან სასაცილოა ამგვარი ბრალდებების მოსმენა ცენტრალური ხელისუფლებისაგან, მაგრამ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ამგვარ განცხადებეს” – განაცხადა ასლან აბაშიძემ 24 მარტს აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.


24 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში საქართველოს ელჩი გრიგოლ ქათამაძე დაიბარა და სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვა.


„უკრაინის მთავრობა შეშფოთებულია სააკაშვილის ამგვარი განცხადებით და პროტესტს გამოთქვამს ამის თაობაზე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ იელჩენკომ 24 მარტს.
 
პრეზიდენტის მხრიდან სიტყვიერ გაფრთხილებებს მისი 18 მარტის ბრძანებულების ამოქმედებაც მოჰყვა, რის შედეგადაც აჭარის ავტონომიის 500-მდე თანამდებობის პირებს დიპოლატიური პასპორტები გაუუქმდათ. ბრძანება შეეხო აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს, მის ვაჟს, ქალაქ ბათუმის მერს გიორგი აბაშიძეს და ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ჯემალ გოგიტიძეს. 

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე აცნობა საქართველოში აკრედიტირებულ კორპუსს.

“ჩვენ ვიცით, რომ ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა არაფერი იცოდა ამის შესახებ. იგი არ მოიწონებდა მათ ამგვარ გადაწყვეტილებას” – ასეთი კომენტარი გაუკეთა ასლან აბაშიძემ პრეზიდენტის ამ ბრძანებულებას. თავად ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა.
 
18 მარტს სააკაშვილსა და აბაშიძეს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად აბაშიძემ პირობა დადო, რომ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალებას მისცემადა.


ოპოზიციური მოძრაობა “ჩვენი აჭარის” ხელმძღვანელის თამაზ დიასამიძის ინფორმაციით, ისინი შეუფერხებლად ატარებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს.


“უკვე შევხვდით ხულოს, ქედასა და შუახევის მოსახლეობას. ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია” – განაცხადა თამაზ დიასამიძემ.


ოპოზიციურ პარტიებისთვის თავისუფლად მოქმედების შესახებ განცხადება ბათუმის მერმა გიორგი აბაშიძემ გააკეთა და განაცხადა, რომ ოპოზიციურად განწყობილ ძალას თავისუფლად შეუძლიათ იმოქმედონ. მათ ამისთვის ბათუმში კულტურის სახლის დარბაზიც დაეთმოთ.

თუმცა შეუსრულებელი რჩება ის პირობა, რომელიც აბაშიძის მომხრეთა განიარაღებას ეხება. “იარაღის ამოღების პროცესი ჯერაც არ დაწყებულა, ასეთი მაგალითები ჯერ არც ერთი არ დაფიქსირებულა,” – განაცხადა სახელმწიფო მინიატრმა გიორგი ხაინდრავამ 24 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

“შეიარაღებული პირები ბათუმში მხოლოდ ფარულად დადიან, ძირითადად ღამით თუ შეიმჩნევა. ისე იარაღის ჩაბარება მოსახლეობის მხრიდან არ ყოფილა” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ოპოზიციური მოძრაობა “ჩვენი აჭარის” ლიდერმა თამაზ დიასამიძემ.


ამას გარდა არ მიეცათ საკუთარი უფლებამოსილების შესრულების საშუალება პრეზიდენტის მიერ დანიშნულ მის წარმომადგენლებს ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე.


“მართალია ჩვენ ვერ შევძელით დანიშნულების ადგილზე შესვლა და პორტისა და საბაჟოს მუშაობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაციის მოპოვება, მაგრამ გარკევული ადამიანების დახმარებით ჩვენ შევძელით გარედან გვეწარმოებინდა დაკვირვება და გარკვეული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიპოვეთ. აქედან გამომდინარე ჩვენ თბილისში ხელცარიელები არ ვბრუნდებით და პრეზიდენტს ამ ინფორმაციას წარვუდგენთ” – განაცხადა სარფის საბაჟოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა დავით ახალაიამ.

მსგავსი/Related

Back to top button