ახალი ამბები

ევროპის საბჭო საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პიტერ შიდერმა მოუწოდა  საქართველოს ხელისუფლებას მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდოს მომავალი არჩევნების ჩატარების საკითხს და უზრუნველყოს 28 მარტს საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანი ჩატარება.


აჭარაში ბოლოდროინდელი მოვლენების კომენტირებისას პიტერ შიდერმა ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტ სააკაშვილსა და აჭარის ლიდერს შორის მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობა.


მოუწოდა რა ამომრჩევლებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, პიტერ შიდერმა განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა არა ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა დემოკრატიული და ადამიანთა უფლებების დაცვის პრინციპების შესასრულებლად. იგი იმედოვნებს, რომ ამომრჩევლებს არ შეაშინებთ 7%-იანი ბარიერი. „დემოკრატიის გზაზე თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს“, – დასძინა მან.


„სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, მათ შორის აჭარაშიც, თანამედროვე და სტაბილურ საქართველოში მშვიდობიანი და დემოკრატიული მომავლის განვითარების წინაპირობაა“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 40-კაციანი დელეგაცია 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებს. 

მსგავსი/Related

Back to top button