
აბაშიძე ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარაში შემოჭრის მცდელობაში ადანაშაულებს
აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 24 მარტს უარყო პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალდება აჭარის ხელისუფლების მიერ უცხოელი მებრძოლების დაქირავების თაობაზე და მას „სასაცილო“ უწოდა.
„ძალიან სასაცილოა ამგვარი ბრალდებების მოსმენა ცენტრალური ხელისუფლებისგან, მაგრამ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ამგვარ განცხადებებს“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ 24 მარტს აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააფრთხილა აჭარის ლიდერი უარი ეთქვა თავის განზრახვაზე უცხოელი მებრძოლების დაქირავების თაობაზე.
ასლან აბაშიძემ პრეზიდენტის განცხადებას აჭარაში შეჭრის წინ შესავალი უწოდა და დასძინა, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში შეიარაღებულ შეჭრას ამზადებს.
მან მოუწოდა მოსახლეობას წინ აღუდგნენ ამგვარ გეგმებს, რათა „თავიდან აიცილონ ახალი კონფლიქტი აჭარაში, როგორც ეს თავის დროზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოხდა“.
აჭარის მაღალი რანგის წარმომადგენლებისთვის დიპლომატიური პასპორტების ანულირებაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების კომენტირებისას, ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა არაფერი იცოდა ცენტრალური ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების თაობაზე.
„ჩვენ ვიცით, რომ ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა არაფერი იცოდა ამის შესახებ. იგი არ მოიწონებდა მათ ამგვარ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა აჭარის ლდიერმა 24 მარტს.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, აჭარის მაღალი თანამდებობის პირებს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ.
ბრძანება ასევე შეეეხოთ აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს, მის ვაჟს, ბათუმის მერს გიორგი აბაშიძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს ჯემალ გოგიტიძეს.
ამჟამად, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ბათუმში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის მიერ შეჩერებულია საქართველოს მოქალაქის ყველა ტიპის პასპორტის გაგრძელება-გაცემა, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ვიზების გაგრძელება და გაცემა.