ახალი ამბები

ბრიტანულმა ავიაკომპანიამ საქართველო დატოვა

ბრიტანული ავიაკომპანია “ბრითიშ ეარვეისი” საქართველოში საჰაერო მიმოსვლებს გაურკვეველი პერიოდით წყვეტს. 31 მარტს კომპანია შეწყვეტს თავის საქმიანობას საქართველოში. ამის შესახებ კომპანიამ უკევ გაავრცელა ოფიციალური განცხადება.


“დიდი სინანულით ავღნიშნავთ, რომ ჩვენ იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის. ჩვენ მოწოდებული ვიყავით გაგვეახლებინა ფრენები მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც ფრენები შეჩერებული იყო, მაგრამ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციიდან აუცილებელი ნებართვის გარეშე რეისების აღდგენა შეუძლებელია. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში საქმიანი გარემო გაუმჯობესდება და შესაძლებლობა მოგვეცემა საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ”, – განაცხადა „ბრითიშ მედითერანენ ეარვეისის“ დირექტორმა დეზ ჰეტერინგტონმა.


ბრიტანეთის ავიახაზებს რეგულარული რეისების განხორციელებისთვის ლიცენზია სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტმა პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე 2003 წლის 28 თებერვლიდან შეუწყვიტა. პარლამენტის გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიას უნდა დაედო ხელშეკრულება ქართულ ავიაკომპანიებთან. ასევე საგადასახადო დეპარტამენტი კომპანიისგან 7 მლნ ლარის გადახდას მოითხოვდა საქართველოში განვლილი წლების განმავლობაში შესრულებული საქმიანობისთვის, თუმცა კომპანია უარს აცხადებდა ამ თანხის გადახდაზე, რადგანაც ეს თანხა ხელშეკრულებაში არ იდო (არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის საშუალებითაც კომპანიამ საქართველოში რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო, კომპანია გადასახადებს, მხოლოდ ბრიტანეთის ბიუჯეტში იხდიდა).   


ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისში და ლონდონში არაერთი მოლაპარაკება შედგა, თუმცა უშედეგოდ. პარლამენტში დეკემბრის თვეში ხელმეორედ დადგა აღნიშნული საკითხის განხილვა დღის წესრიგში, თუმცა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ბრიტანეთის ავიახაზების რეისების აღგენის საკითხს.    

Back to top button