
მთელი ყურადღება აჭარის არჩევნებისკენაა მიმართული
28 მარტის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ახალი ხელისუფლების ოპონენტებიც კი აღიარებენ, რომ მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები“ მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებს. ამჟამად ყველაზე მწვავედ ორი საკითხი დგას დღის წესრიგში – მოიპოვებს თუ არა რომელიმე ოპოზიციური პარტია ადგილებს პარლამენტში და ჩატარდება თუ არა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები აჭარაში.
აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე 18 მარტს დაპირდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ იგი ხელს შეუწყობდა აჭარაში ოპოზიციის მიერ თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმოებას და ითანამშრომლებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან რეგიონში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა უკვე გაზარდეს თავიანთი წარმომადგენლების რიცხვი რეგიონში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგებელი საქართველოში პლამენ ნიკოლოვი გასულ კვირას აჭარას ეწვია და რეგიონში ევროპის საბჭოს მისიის გახსნის თაობაზე აჭარის ლიდერისგან თანხმობაც მიიღო.
პლამენ ნიკოლოვმა 19 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ევროპის საბჭოს წარმომადგენლები შეაფასებდნენ წინასაარჩევნო ვითარებას აჭარაში“.
ეუთოს არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ორი გრძელვადიანი დამკვირვებელი ისევ დაბრუნდა ავტონომიურ რესპუბლიკაში, მას შემდეგ რაც რეგიონში დასრულდა ხუთდღიანი კრიზისი. ეუთოს დამკვირვებლებმა აჭარა 14 მარტს, ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონს შორის დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით დატოვეს.
მიუხედავად თბილისსა და ბათუმს შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმებისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკ), შიშობს, რომ არჩევნები ავტონომიურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სტანდარტებით არ ჩატარდება.
„პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი აჭარაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, – განაცხადა ცსკ-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა 19 მარტს.
რეგიონში მთავარ პრობლემად კვლავ ამომრჩეველთა სიები რჩება. აჭარის ხელისუფლების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილ სიებს ცსკ-ს თავმჯდომარემ მთელი რიგი უზუსტობების გამო „გამოუსადეგარი“ უწოდა.
„ამომრჩეველთა აქტივობა რეგისტრაციის დროს ძალიან დაბალია აჭარაში. ასე მაგალითად: ბათუმში 8 მარტის შემდეგ მხოლოდ 5,000 ამომრჩეველმა გაიარა რეგისტრაცია“, – განაცხადა ცსკ-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე მიმათა ცსკ-ს რეგისტრაციის ვადის ოთხი დღით გადაწევის თაობაზე. რეგისტრაციის ვადა 21 მარტს ამოიწურა. თუმცა, ცსკო ავტონომიური რესპუბლიკის თხოვნას 22 მარტს განიხილავს.
მიუხედავად აჭარის ხელისუფლების მზადყოფნისა ითანამშრომლოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან არჩევნებთან დაკავშირებით, ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველი ეჭვობს, რომ აჭარის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას რეგიონში.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ათწლიანი ერთპიროვნული მმართველობის განმავლობაში ასლან აბაშიძემ შეძლო „აღორძინების კავშირისთვის“ გარანტირებული ადგილების უზრუნველყოფა პარლამენტში. „აღორძინება“ 1995 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებში აჭარის ხმების 95% იღებს. ყველაფერი ეს რეგიონში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების თაობაზე ეჭვებს აღძრავს. აჭარის მოსახლეობის ხმები სავსებით საკმარისია პარლამენტში შესასვლელად საჭირო 7%-იანი ბარიერის გადალახვისთვის.
საქართველოს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი მთავრობა არ აპირებს თვალი დახუჭოს აჭარის საეჭვო არჩევნებზე.
სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, „აღორძინების კავშირს“ პარლამენტში შესვლის ნაკლები შანსი აქვს. ამას მარტის შუა რიცხვებში ღია საზოგადოება – საქართველოს ფონდისა და BCG ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც „აღორძინების კავშირს“ მხოლოდ 4%-მდე მხარდაჭერის იმედი უნდა ჰყონდეს.
ცსკ-ს თავმჯდომარემ ერთხელ უკვე განაცხადა, რომ აჭარაში არჩევნების გაყალბების შემთხვევაში კომისია უარს იტყვის რეგიონიდან შედეგების მიღებაზე. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუ გაუქმებული ბიულეტენების მთლიანი რაოდენობა არ აღემატება საქართველოს მასშტაბით მიცემული ხმების მთელი რაოდენობის 10%-ს, არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდება.
თუმცა, აბაშიძის „აღორძინების კავშირი“ არ არის ერთადერთი პარტია, რომლიც საზოგადოების ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობს. BCG-ის გამოკითხვის მიხედვით, ვერც ერთი პარტია, მმართველი პარტიის გარდა, ვერ შეძლებს 7%-იანი ბარიერის გადალახვას. შედეგად, სრულიად მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი ოპოზიციის გარეშე.
თუმცა, აჭარაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და რეგიონში სამართლიანი არჩევნების ჩატარების საკითხმა დაჩრდილა ერთპარტიული საპარლამენტო ორგანოს ჩამოყალიბების შესაძლებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები.