ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები” ახალ პარლამენტში იმუნიტეტის შეზღუდვის საკითხს დააყენებს

“ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარლამენტის პირველსავე სხდომაზე დეპუტატებისთვის იმუნიტეტის შეზღუდვის საკითხს დააყენებენ. დღეს ამ დეკლარაციას ხელი პარტიის საარჩევნო სიაში მყოფმა უკლებლივ ყველა პირმა მოაწერა. ღონისძიება თავად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.


“მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს, თუმცა დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას.  ამ დადგენილების მიღებით ძველი პარლამენტის ნებისმიერ კრიმინალსაც მოევლება და ვინც ახალ პარლამენტში გაკრიმინალდა ისინიც აგებენ პასუხს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


“ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” ყველა წევრი მხარს უჭერს აღნიშნულ საკითხს და აცხადებენ, რომ ამ სიახლის წინააღმდეგ არც პარლამენტში მოხვედრილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იქნებიან.


“ის პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდეს აღარ უნდა აწარმოოს პოლიტიკური ცხოვრება და აგოს პასუხი კანონის წინაშე”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც დოკუმენტს პირველმა მოაწერა ხელი.


დოკუმენტი მიზნად ისახავს საკონსტიტუციო ცვლილებას, კერძოდ პარლამენტის წევრის იმუნიტეტის შეზღუდვას და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დეპუტატის პასუხისგებაში მიცემას. 


აღნიშნულ საკითხს წინა მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა და საკითხი ჩავარდა.

Back to top button