
აჭარაში პრეზიდენტის წარმომადგენლის ინსტიტუტი შეიქმნება
საქართველოს პრეზიდენტსა და აჭარის ლიდერს შორის ოთხსაათიანი შეხვედრა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებით დასრულდა. ეს საკითხებია საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება, პრეზიდენტის წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღება აჭარაში და მოსახლეობაში დარიგებული იარაღის ჩაბარების პროცესის დაწყება. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მხარეებმა ამ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს, სანაცვლოდ კი მისივე განკარგულების საფუძველზე მოიხსნება სამი დღის წინ დაწესებული ეკონომიკური სანქციები აჭარის წინააღმდეგ.
“ჩვენ განვიხილეთ პრინციპული საკითხები – თავისუფალი საარჩევნო კამპანიის ჩატარება, ხალხის თავისუფალი გადაადგილება, თავისუფალი საარჩევნო აგიტაცია, ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება და არჩევნების თავისუფალი ჩატარება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ყველა ქართველს და მათ შორის ყველა აჭარელს მოუწოდა თავისუფლად მივიდნენ არჩევნებზე და აირჩიონ ის ძალა, რომელსაც მართლა უჭერენ მხარს.
მეორე საკითხი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, არის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა თანდასწრებით აჭარაში დაკავებულ პირთა საქმეების გადასინჯვა, მაშ შორის იმ პირებისაც, რომლებიც ბათუმში ბოლო დროს გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. “ ეს ამოცანა მიზნად ისახავს პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა გათავისუფლებას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მესამე და მთავარი საკითხი ეხება ავტონომიასა და ცენტრს შორის ურთიერთობას. “ეს საკითხი გულისხმობს დარიგებული იარაღის ჩაბარებას ოფიციალური ორგანოებისადმი. ეს არის საქართველოს კანონის უზენაესობის აღდგენა, მათ შორის აჭარის ტერიტორიაზე” – აცხადებს პრეზიდენტი.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ინსტიტუტი აქ ადგილზე, როგორც საბაჟოზე, ასევე ბათუმის პორტში, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განახორციელბს კონტროლს და მიაწვდის საქართველოს ხელისუფლებას სრულ ინფორმაციას საბაჟოზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე მოხდება ბიუჯეტის შევსება, რაც წლების განმავლობაში პრობლემატური საკითხი იყო. დღეს ჩვენ ამაზე შევთანხმდით” – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავარია ეს ყველაფერი შესრულდეს და დასძინა, რომ ეკონომიკური შეზღუდვები საღამოს 12 საათიდან მოიხსნებოდა.
“ახლა მათავრია ჩატარდეს ნორმალური საარჩევნო კამპანია, ჩვენ კი შევინარჩუნოთ სამოქალაო მშვიდობა და ნორმალური ურთიერთობა ცენტრსა და რეგიონს შორის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.