
სააკაშვილი ბათუმის მოლაპარაკებების პრიორიტეტებს განსაზღვრავს
პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მისი ბათუმიდან ჩამოსვლისთანავე შეხვდა, სადაც ბურჯანაძემ აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართა მოლაპარაკებები.
„მე ხვალ [18 მარტს] მივდივარ აჭარაში, რათა დაძაბულობა შევამსუბუქო. ყველა ის პიროვნება, ვინც პოლიტიკური მიზეზის გამო იქნა დაპატიმრებული გათავისუფლებულ უნდა იქნას; ოპოზიციას უნდა მიეცეს საშუალება თავისუფალი საარჩევნო კამპანია აწარმოოს რეგიონში; ადამიანთა უფლებები დაცული უნდა იქნას აჭარაში“, – განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 მარტს ჟურნალისტებს.
„მე ვაპირებ კონსტრუქციული ვიყო, თუმც ამავე დროს ძალიან პრინციპული. მზად ვარ კომპრომისისთვის, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე“, – დასძინა პრეზიდენტმა.
„იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება მიიღებს ჩემს პირობებს და ოპოზიციას საშუალებას მისცემს თავისუფალი საარჩევნო კამპანია აწარმოოს, მე მზად ვარ მოვხსნა ის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც სამი დღის წინ დავაწესე. ეს იქნება ჩემი კეთილი ნების გამოხატულება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარას საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ბლოკადა 16 მარტს დაუწესა, მას შემდეგ რაც 14 მარტს საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ ამავე დროს დასძინა, რომ საქართველოს „კარგად გაწვრთნილი სამხედრო შენაერთები ჰყავს“.
„დღეს დილით [17 მარტს] კომანდოს ბატალიონის წვრთნები ჩატარდა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კარგად გაწვრთნილი სამხედრო შენაერთები გვყავს და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი მოქმედებისთვის საქართველოს მთლიანობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საერთაშორისო ძალისხმევა მიმართულია აჭარაში დაძაბულობის შესამსუბუქებლად.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი [ირაკლი ჩუბინიშვილი] თურქეთში იმყოფება და თურქეთის ხელისუფლებასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამავდროულად, ვანო მერაბიშვილი [უშიშროების საბჭოს მდივანი] მოსკოვში აწარმოებს მოლაპარაკებებს. პირადად პრეზიდენტ პუტინისგან მივიღეთ გარანტიები რუსეთის ჩაურევლობის თაობაზე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტს მას შეუძლია წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩავიდეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
„ეს არავისი საქმე არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა აჭარის ხელმძღვანელობის იმ განცხადების კომენტირებისას, თითქოს პრეზიდენტი იმიტომ არ შეუშვეს აჭარაში, რომ მან წინასწარ არ აცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას ვიზიტის თაობაზე.
მან ასევე გააკრიტიკა მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის ვიზიტი ბათუმში. „მე არ მჭირდება შუამავლები საქართველოს რეგიონის ხელმძღვანელთან მოლაპარაკებისას“, – დასძინა პრეზიდენტმა.