ახალი ამბები

აჭარის თანამდებობის პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

გენარალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირებზე . 14 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის, კანონიერი ხელისუფლების დაუმორჩილებლობის და სამხედრო ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების მუხლით.


“ამ მხრივ ორგანიზების თვალსაზრისით იკვეთება შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ გოგიტიძის სახელი, თუმცა იმის გამო, რომ იგი პარლამენტის წევრია ვერ ხერხდება მასზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ეს უკვე პარლამენტის კონპეტენციაა და ამ განცხადებით ჩვენ უმოკლეს დროში მივმართავთ პარლამენტს” – განაცხადა დღეს გამართულ  ბრიფინგზე ირაკლი ოქრუაშვილმა.


მისი თქმით, ჯემალ გოგიტიძესთან ერთად ამ დარღვევებში იმხილება ქობულეთის გამგებელი ტარიელ ხალვაში და შს მინისტრის მოადგილე დავით ბაკურიძე. მას ასევე ბრალი ედება 18 იანვარს ბათუმში აჭარის საგანგებო მდგომარეობათა დეპარტამენტის თავმჯდომარის თემურ ინაიშვილის მკვლელობის ორგანიზებაში. გენერალური პროკურატურისთვის ასევე ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც უშუალოდ განახორციელეს თემურ ინაიშვილის მკვლელობა.


გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, ბათუმში 4-20 თებერვალს მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევაში ბრალი ედებათ ქობულეთის გამგებელს ტარიელ ხალვაშს და აჭარის რეგიონის ლიდერის ასლან აბაშიძის პირად დაცვას დავით ხალვაშს. ასევე ბათუმის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეს ვაჟა თაბაქიძეს და პროკურატურის თანამშრომელს ნოდარ იაკობიძეს.


ამ დროისთვის დასრულების სტადიაშია 5 მარტს აჭარის ტერიტორიაზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტთან აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ბრალი ედება უშიშროების მინისტრს სოსო გოგიტიძეს, მის მოადგილეს გოგი კუპრეიშვილს და შს მინისტრის მოადგილეს დავით ბაკურიძეს. 


ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ყევლა ამ პირის საბანკო ანგარიშები იქნება გაყინული და გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა. რაც შეეხება აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს, მასზე და მის ვაჟზე, ბათუმის მერზე გიორგი აბაშიძეზე, სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.

Back to top button