
საერთაშორისო საზოგადოება მზადაა საქართველოს დაეხმაროს აჭარის პრობლემის მოგვარებაში
ვაშინგტონის, მოსკოვის, ანკარასა და ეუთოს მოქმედი თავჯდომარის ჩარევის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 მარტს განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა აღუთქვა.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი მუდმივად ეკონტაქტება პრეზიდენტ სააკაშვილს. იგი მას კვირას საღამოს ესაუბრა. იგი ასევე ესაუბრა რუსეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველს ივანოვს. კოლინ პაუელმა სთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილს არ დაუშვას აჭარაში არსებული სიტუაციის ესკალაცია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 15 მარტს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 მარტს განაცხადა, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. „პრემიერ ზურაბ ჟვანიას სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან აბდულა გიულთან“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 მარტს განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მან განაცხადა, რომ „აჭარა საქართველოს ნაწილია და სტაბილურობა კავკასიაში როგორც თურქეთის, ასევე მთელი რეგიონის ინტერესებში შედის“.
იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს მოქმედ თავჯდომარეს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სოლომონ პასის შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა.
„ყველა მათგანმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ცენტრალური ხელისუფლების უფლებას მთელი საქართველოს მასშტაბით თავისი კანონიერი უფლებამოსილება განახორციელოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.