
ბათუმში შიშობენ
![]() |
ჩოლოქი აბაშიძის შეიარაღებულ რაზმებს აქვთ გადაკეტილი. ფოტო: გაზეთი “ბათუმელები” |
“მე დღესაც ვიყავი მზად შევხვედროდი ასლან აბაშიძეს, თუმცა მან ეს არ ისურვა. ამიტომ მე გადავდგი უპრეცედენტო ნაბიჯი და დავაწესეთ შეზღუდვები და კონტროლი ტვირთის ტრანსპორტირებაზე ბათუმის პორტში, საბაჟოზე [სარფი] და აეროპორტში,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მან განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში “ორ კვირაში აჭარის ხელისუფლების რესურსები ამოიწურება.”
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ არის მიმართული აჭარის მოსახლეობის წინააღმდეგ და მხოლოდ “აჭარის ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.”
“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ამ სახის ზომებს მიმართავს,” – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, იგი უკვე ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაულს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. “ზურაბ ჟვანია კი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა გიულს ესაუბრა,” დასძინა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ყველა მათგანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოთქვა და განაცხადა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას “აქვს ლეგიტიმური უფლება განახორციელოს უფლაბამოსილება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.”
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, გენერალურმა პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ რომელთაც უკანონო ქმედებებში ედებათ ბრალი.
“სისხლის სამართლის საქმეა აღძრული აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზეც, რომელსაც მკველობა ედება ბრალად. ხვალ [16 მარტს] გამოქვეყნდება აჭარის ოფიციალურ პირთა სია, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულებებში იმხილებიან,” დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
თუმცა სააკაშვილმა არ დააკონკრეტა აღიძრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე ასლან აბაშიძის წინააღმდეგ. “ეს გენერალური პროკურატურის გადასაწყვეტია,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასობაში კი აჭარის დედაქალაქში შიშის სინდრომი მატულობს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბათუმის ქუჩები დაცარიელებულია.
„მრავლად ჩანან მხოლოდ შეიარაღებული ადამიანები, თუმცა ვერ გაარკვევ, რომელი სტრუქტურის წარმომადგენლები არიან,“ უთხრა „სივილ ჯორჯიას“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელმა ასლან ჭანიშვილმა.
მისივე თქმით ორშაბათს ბათუმში ბევრი მაღაზია დაკეტილი იყო, ხოლო იმ მაღაზიებში, რომლებიც მუშაობდნენ პროდუქტებზე ფასები იყო გაზრდილი.
„არ ვიცი ეს ალბათ ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვით არის განპირობებული,“ თქვა ასლან ჭანიშვილმა.
მზია ამაღლობელი, რომელიც ადგილობრივი გაზეთის „ბათუმელების“ რედაქტორია, აცხადებს, რომ ბათუმში ხალხს ეშინია. „ის ვისაც შეუძლია თბილისში მიდის, თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც აჭარაშივე, სოფლებისკენ მიემგზავრებიან,“ – განუცხადა მზია ამაღლობელმა „სივილ ჯორჯიას.“
ბათუმში სკოლებიც დაკეტილია და შეწვეტილია სასწავლო პროცესი. ორშაბათს რეგიონში პრესაც არ შემოსულა. „თუმცა დაუბრკოლებრივ მიმდინარეობს ტელევიზიების გადაცემები, მათ შორის „რუსთავი 2“-ისა და „იმედის,“ – დასძინა მზია ამაღლობელმა.
აჭარაში მოქმედი ოპოზიციური მოძრაობების ლიდერთა განცხადებით, რეგიონის ხელისუფლების მიერ ავტონომიურ რესპუბლიკაში ოპონენტების დაშინება ხდება. ისინი მათგან რეგიონის დატოვებას მოითხოვენ.
“აჭარის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ჩვენი აქტივისტების დევნისა და დაშინების 40-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მათი მოთხოვნაა ოპოზიციურად განწყობილმა პირებმა დატოვონ აჭარის ტერიტორია. არსებობს კიდევ ბევრი შემთხვევა, თუმცა ბევრს ამის შესახებ საუბარი უჭირს”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას „ჩვენი აჭარას“ წარმომადგენელმა თამაზ დიასამიძემ.
თუმცა, აჭარის დატოვება ამჟამად საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენს. არ მოქმედებს არც საჰაერო და არც სარკინიგზო კავშირი, ასევე გადაკეტილია ჩოლოქი, სადაც ავტომობილით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორც პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 15 მარტს განაცხადა, აჭარის იზოლირება, რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად არ იმოქმედებს, თუმცა ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის დეზინტეგრაციას.
„ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში 10-11 მილიონი ნავთობის გადამუშავება მიმდინარეობს,“ – განაცხადა პრემიერმა.
აჭარის კრიზისი მოახლოებულ არჩევნებსაც უქმნის საფრთხეს. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მარტს განაცხადა აჭარის ხელისუფლების პროვოკაცია, როდესაც იგი არ შეუშვეს აჭარაში, მიზნად ისახავდა შეიარაღებული დაპირისპირების ინსპირირებას, რასაც არჩევნების საბოლოო ჩაშლა უნდა მოყოლოდა. „მათ [აჭარის ხელისუფლებას] გარანტირებული მარცხის წინ ქაოსის გამოწვევა სურდათ,“ – დასძინა სააკაშვილმა.
გია ნოდია, მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტიდან, აცხადებს, რომ ბოლო დროინდელი კრიზისი სწორედ არჩევნებს უკავშირდება.
“ცენტრალურ ხელისუფლებას არ სურს აჭარაში ისევე ჩატარდეს არჩევნები, როგორც ეს გასულ წლებში ტარდებოდა – გაყალბებით. თავის მხრივ არჩევნების ჩატარება, ისე როგორც თბილისს სურს, არ უნდა აჭარის ხელმძღვანელობას, რამაც მხარეების დაპირისპირება გამოიწვია,” – აცხადებს გია ნოდია.
თბილისში პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი მოვლენების შესაძლო განვითარებას არც თუ დიდი ოპტიმიზმით უყურებს.
„ასლან აბაშიძის ბოლო დროინდელი ნაბიჯები მიუთითებს, რომ იგი ბოლომდე გააკეთებს ყველაფერს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს და ყველაფერზე წამსვლელია,“ – განაცხადა კობა დავითაშვილმა, რომელიც სააკაშვილის მოკავშირე იყო, თუმცა ახლა ოპოზიციაში იმყოფება.