
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აჭარაში არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ შეშფოთება გამოთქვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.
„ჩვენმა ხალხმა ომის მთელი საშინელებები თავის თავზე გამოსცადა. ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილნი ვიყოთ მეზობელ საქართველოში არსებული დაძაბულობის გამო”, – აცხადებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ დე ფაქტო პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით.
არძინბამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მოაგვაროს აჭარასთან ურთიერთობები, რადგანაც დაძაბულობის ესკალაციას შესაძლოა სამოქალაქო ომი მოყვეს“.
„ბოლო წლების განმავლობაში აჭარის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ მას შეუძლია სტაბილურობის უზრუნველყოფა ავტონომიურ რესპუბლიკაში“, – დასძინა არძინბამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია კონსტრუქციული დიალოგის საშუალებით. „საქართველოს ხელისუფლებას აქვს საკმარისი პოლიტიკური ნება, რათა თავიდან აიცილოს კონფრონტაცია, რომელმაც შესაძლოა რეგიონის სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე“, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა.