
აჭარის მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყვეტილია
აჭარის მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა, მათ შორის სარკინიგზო და საჰაერო მოძრაობა, შეწყვეტილია. ამის შესახებ განცხადება დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“ჩვენ შევწყვიტეთ ყველა სახის მოძრაობა აჭარის მიმართულებით. ახლა, ჩვენ უნდა შევაფასოთ ის პრობლემები, რომელიც შეექმნა საქართველოს ასლან აბაშიძის უპასუხისმგებლო ქმედებების გამო. აბაშიძის მიმდევრები გონს უნდა მოეგონ და დროზე გააცნობიერონ, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ყველაფერ ამას. ვითარება ძალიან რთულია, თუმცა დარეგულირება ჯერ კიდევ შესაძლებელია”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ ფოთში ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 14 მარტს განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარის საზღვრების დახურვას აპირებს, რათა აჭარის რეჟიმს ფინანსური წყაროები შეუწყვიტოს.
მან ასევე ულტიმატუმი წაუყენა აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს და მას 15 მარტის საღამომდე ცენტრალური ხელისუფლების პირობების შესრულება მოსთხოვა.