
ანტიკრიზისული ცენტრი აჭარის რეგიონში არსებული მძიმე ვითარების განმუხტვაზე იმუშავებს
ცენტრალური ხელისუფლება ცენტრსა და აჭარის რეგიონს შორის არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვის მიზნით ანტიკრიზისულ ცენტრს ქმნის, რომლის ხელმძღვანელიც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია იქნება. ამის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა დღეს ფოთში გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
“ცენტრის ძირითადი მიმართულება იქნება ჰუმანიტარული საქმიანობა, მისი მიზანია ასევე ყოველგვარი არასანქცირებული გადაადგილების აღკვეთა. ამისათვის ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი სასაზღვრო დაცვა დავაყენოთ ბათუმის პორტის აკვატორიაში, რათა არ დავუშვათ იარაღის ან სხვა უკანონო ტვირთის შემოტანა”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ახლა მთავარია ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ დაუშვას აჭარაში საპარლამენტო არჩევნების ჩაშლა. ასევე უნდა მოხდეს ადგილობრივი ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. “ჩვენი მთავარი ამოცანაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა აჭარაში”, – დასძინა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი დღესვე თბილისში გამოემგზავრება, ფოთში კი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დარჩება, რომელიც უხელმძღვანელებს აჭარასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.