ახალი ამბები

სააკაშვილი აბაშიძეს ულტიმატუმს უყენებს და აჭარის იზოლაციით იმუქრება







იანვარში სააკაშვილი და აბაშიძე ბათუმში ერთად
ადევნებდნენ თვალს სამხედრო აღლუმს, თუმცა 14
მარტს სააკაშვილი აჭარაში არც კი შეუშვეს.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 14 მარტს გვიან ღამით საქართველოს მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას აჭარის ხელმძღვანელობის ქმედებებს „სამხედრო ამბოხის  მცდელობა“ უწოდა. მისი განცხადებით, ჯარები მზადყოფნაში იყვნენ, თუმცა მან უარი  თქვა ძალის გამოყენებაზე, რადგანაც „დაძაბულობის განმუხტვისთვის დიალოგის შესაძლებლობა ამოწურული არ არის.“ 
 
სააკაშვილმა აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა მას ცენტრალური ხელისუფლების პირობები 15 მარტის საღამომდე შეასრულოს.
 
„[14 მარტის სატელეფონო საუბრისას] მე ვუთხარი ასლან აბაშიძეს, რომ აქვს დრო იფიქროს ჩემს პირობებზე ხვალ საღამომდე. მე ვუთხარი მას რომ მოგვეცეს საშუალება მე და მთავრობის სხვა წევრებს შევხვდეთ აჭარაში მოსახლეობას; მისცეს საშუალება ადამიანებს თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოზიცია; მისცეს საშუალება ოპოზიციას აჭარაში წინასაარჩევნო კამპანია თავისუფლად აწარმოოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტის თქმით, მან ასევე მოსთხოვა აბაშიძეს „მოხდეს აჭარაში უკანონოო შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღება.“


„ცენტრალური ხელისუფლება ასევე მოითხოვს, მიეცეს საშუალება შეასრულოს თავისი მოვალეობები ავტონომიურ რესპუბლიკაში და გააკონტროლოს რეგიონის საზღვრები და საბაჟო“, – დასძინა პრეზიდენტმა.
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება აჭარის რეგიონთან საზღვრების დაკეტვას გეგმავს, „რათა ფინანსური წყარო შეუწყვიტოს აჭარის რეჟიმს“.
 
„15 მარტს მე მთავრობას შევთავაზებ განვიხილოთ ბათუმის აეროპორტის, სარფის საბაჟოსა და ბათუმის პორტის დახურვის საკითხი. მე ასევე დავაყენებ ყველა იმ იურიდიული პირის ანგარიშების გაყინვის საკითხს, რომლებიც აჭარის ხელისუფლების მიერაა რეგისტრირებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა  სააკაშვილმა.
 
მან გააფრთხილა ასლან აბაშიძე, რომ „ერთ ოპოზიციონერსაც კი რომ თმის ღერი ჩამოვარდეს, საქართველოს ხელისუფლება გადამჭრელ ზომებს გაატარებს“.
 
14 მარტს პრეზიდენტი სააკაშვილი აჭარაში არ შეუშვეს, მას შემდეგ რაც ასობით შეიარაღებულმა პირმა მას ჩოლოქთან, ადმინისტრაციულ საზღვარზე გზა გადაუკეტა. 
 
მიხეილ სააკაშვილმა თავისი მოულოდნელი სტუმრობა აჭარაში 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთან შეხვედრის სურვილით ახსნა. 
 
აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 14 მარტს დილით მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება „აჭარაში შეჭრას“ გეგმავდა პრეზიდენტის ვიზიტის საბაბით.  
 
„ჩემს თანმხლებ ჯგუფს, რომელიც დაცვის 25-30 თანამშრომლისგან შედგებოდა და  რომლის მთავარი მოვალეობაც პრეზიდენტის დაცვაა, ჩოლოქზე შეიარაღებულ პირთა ჯგუფი და ჯავშანტექნიკა დახვდა“ – განაცხადა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო მიმართვაში.   
 
მისი თქმით, ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ აჭარის მიმართ გატარებული „დაუდევარი პოლიტიკის“ შედეგია ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიარაღებული ჯგუფების არსებობა.
 
„აჭარაში რუსი გენერალ-მაიორის ნეტკაჩოვის მეთაურობით 1500-კაციანი სპეცდანიშნულების შენაერთია მოქმედებს. მათ ოთხი T-74 ტიპის ტანკი და რამოდენიმე სამხედრო კატარღა ჰყავთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, ბათუმში განლაგებულმა საქართველოს შეიარაღებული ჯარების 25-ე ბრიგადა გამოვიდა ქვეყნის მთავარსარდლის დაქვემდებარებიდან და აჭარის ხელისუფლების ბრძანების შემდეგ იქნა საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანილი. მისი თქმით ასევე მოხდა სასაზღვრო ძალების ერთი კატარღის შემთხვევაშიც. „ეს სხვა არაფერია, თუ არა დაუმორჩილებლობა“ – დასძინა პრეზიდენტმა.
 
ასლან აბაშიძემ 14 მარტს აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას სურს აჭარის ხელმძღვანელობა ძალისმიერი მეთოდით ჩამოაგდოს. მან ასევე განაცხადა, რომ იგი შუამავლის საშუალებით შეეცადა მოლაპარაკებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, თუმცა ამაოდ.       
 
“უცხოელი შუამავლის საშუალებით [აბაშიძეს ამ შუამავლის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა როგორც მისი ვაჟი გიორგი აბაშიძე აცხადებს, შუამავალი უცხოელი ბიზნესმენია] ჩვენ გასულ კვირას მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. თუმცა, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. შემდეგ მოსკოვში გამგზავრება გადავწყვიტე, რათა საერთაშორისო საზოგადოებისთვის მეცნობებიბა სისხლისღვრის იმ საფრთხის შესახებ, რასაც შესაძლოა აჭარაში ჰქონდეს ადგილი,“ – განაცხადა აბაშიძემ.
 
„ჩემი წარმომადგენლები აშშ-შიც გავაგზავნე, სადაც ისინი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ისინი ასევე შეხვდნენ ჯორჯ სოროსს, რათა ეცნობებინათ მისთვის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ. ჩვენ ყველას შევხვდით, ვინც ახალ ხელისუფლებას ძალაუფლებაში მოსვლაში დაეხმარა [გასული წლის ნოემბრის რევოლიციის დროს]. მათ განაცხადეს, რომ სისხლისღვრის შემთხვევაში ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში, მოსკოვიდან სატელეფონო საუბრისას.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ 14 მარტს გააფრთხილა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რომ არ გააგზავნოს  ჯარები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
 
„თუ იქ რაიმე კრიზისს ექნება ადგილი, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაეკისრება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 14 მარტს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
„არსებობს იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ თბილისი ძალის გამოყენებას გეგმავს აჭარის წინააღმდეგ“, – განაცხადა იაკოვენკომ.
 
სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ აჭარაში მიმდინარე მოვლენები მოსკოვის შეშფოთებას იწვევს.
 
ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აჭარის ხელმძღვანელობის ჩამოგდების მცდელობაში დაადანაშაულა.
 
რუსეთის სამინისტროს მიერ 12 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, “თბილისი სპეციალურად წვრთნის სამართალდამცავ სტრუქტურებს და ამზადებს საპროტესტო აქციებს ბათუმში, რათა აჭარის კანონიერი ხელისუფლება ჩამოაგდოს”. 
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 მარტს გააფრთხილა რუსეთი, რომლის ერთი სამხედრო ბაზაც ბათუმშია განლაგებული, არ ჩაერიოს თბილისსა და ბათუმს შორის არსებულ დაძაბულობაში.
 
„არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბათუმში განლაგებულმა რუსეთის სამხედრო ბაზამ დახმარება შესთავაზა აბაშიძეს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
 
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა შეშფოთება გამოხატა ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელმძღვანელობას შორის არსებული დაძაბულობის ესკალაციის გამო. მან მოსთხოვა მიხეილ სააკაშვილს და ასლან აბაშიძეს თავი შეიკავონ ძალადობისგან და რეალურ დიალოგს მიმართონ. 
 
დაძაბულობა თბილისსა და ბათუმს შორის მარტის დასაწყისში გაიზარდა, მას შემდეგ რაც აბაშიძემ განაცხადა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარაზე „ტოტალური კონტროლის დამყარება“ სურს. ამის საპასუხოდ, სააკაშვილმა განაცხადა, “დიახ, მე დავამყარებ კონტროლს აჭარაზე”.
 
აბაშიძემ რამოდენიმე შემრიგებლური ნაბიჯი გადადგა ბოლო თვეების განმავლობაში: აჭარამ დაიწყო ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახების გადარიცხვა, ხოლო 25 იანვარს მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტად იანაუგურაციის დღეს, ბათუმს ეწვია და აბაშიძესთან ერთად იქ სამხედრო აღლუმსაც დაესწრო. თუმცა ამის პარალელურად გრძელდებოდა თავდასხმები ოპოზიციის ლიდერებზე აჭარაში.

Back to top button