
სააკაშვილი აბაშიძეს ულტიმატუმს უყენებს
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 14 მარტს გვიან ღამით ქართველი მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას აჭარის ხელმძღვანელობის მოქმედებას „სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა.
მისი განცხადებით, ჯარები მზადყოფნაში იყვნენ, თუმცა უარი თქვეს ძალის გამოყენებაზე, რადგანაც „ჯერ კიდევ არსებობს შანსი დაძაბულობის დიალოგით მოგვარებისა“.
სააკაშვილმა ულტიმატუმი წაუყენა აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს და მოსთხოვა მას ცენტრალური ხელისუფლების პირობები 15 მარტის საღამომდე შეასრულოს.
„[14 მარტის სატელეფონო საუბრისას] მე ვუთხარი ასლან აბაშიძეს, რომ აქვს დრო იფიქროს ჩემს პირობებზე. ვთხოვე მას შემიშვას მე და მთავრობის სხვა წევრები აჭარაში ამომრჩევლებთან შესახვედრად; მისცეს საშუალება ადამიანებს თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოზიცია; მისცეს საშუალება ოპოზიციას აჭარაში წინასაარჩევნო კამპანია თავისუფლად აწარმოოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მან ასევე მოსთხოვა აბაშიძეს „განაიარაღოს უკანონო შეაიარაღებული ჯგუფები აჭარაში“. „ცენტრალური ხელისუფლება ასევე მოითხოვს, მიეცეს საშუალება თავისი მოვალეობები განახორციელოს ავტონომიურ რესპუბლიკაში და რეგიონის საზღვრები და საბაჟო გააკონტროლოს“, – დასძინა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება აჭარის რეგიონთან საზღვრების დაკეტვას გეგმავს, „რათა ფინანსური წყარო შეუწყვიტოს აჭარის რეჟიმს“.
„15 მარტს მე მთავრობას შევთავაზებ განვიხილოთ ბათუმის აეროპორტის, სუფსის საზღვარზე მდებარე საგუშაგოს და ბათუმის პორტის დახურვის საკითხი. მე ასევე დავაყენებ ყველა იმ იურიდიული პირის ანგარიშების გაყინვის საკითხს, რომლებიც აჭარის ხელისუფლების მიერაა რეგისტრირებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მან გააფრთხილა ასლან აბაშიძე, რომ „ერთი ოპოზიციური აქტივისტის დაშავების შემთხვევაშიც კი, საქართველოს ხელისუფლება გადამწყვეტ ზომებს გაატარებს“.
14 მარტს პრეზიდენტი სააკაშვილი აჭარაში არ შეუშვეს, მას შემდეგ რაც ასობით შეიარაღებულმა პირმა მას აჭარის ადმინისტრაციულ საზღვარზე გზა გადაუკეტა.