
რუსეთი თბილისს აჭარის ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობაში ადანაშაულებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელმძღვანელობას შორის დაძაბულობის ზრდის გამო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისი სპეციალურად ამზადებს სამართალდამცავ სტრუქტურებს და აფინანსებს საპროტესტო აქციებს ბათუმში, „აჭარის კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით“.
„დაძაბულობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის ბოლო დროს კიდევ უფრო გამწვავდა და საკმაოდ საშიში გახდა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„რა თქმა უნდა, მოვლენების ამგვარი განვითარება ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ჩვენი პრინციპული პოზიციაა აჭარასთან დაკავშირებული საკამათო საკითხების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარება, პოლიტიკური დიალოგის გზით კონსტიტუციის ფარგლებში. ულტიმატუმები და მუქარები მხოლოდ ქაოსსა და საზოგადოებრივ კონფლიქტებს გამოიწვევს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს ცენტრალ ხელისუფლებას თავიდან აიცილოს უპასუხისმგებლო ქმედებები, რამაც შესაძლოა საქართველოს, ისევე როგორც მთლიანი რეგიონის, სტაბილურობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.