ახალი ამბები

აბაშიძე – ცენტრალური ხელისუფლების თავსატეხი

არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მწვავდება თბილისსა და ბათუმს შორის დაპირისპირება. ბოლო დროს, ცენტრსა და რეგიონს შორის სიტყვათა ომი, ძირითადად ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროსა და 5 მარტს აჭარაში რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ცემის ფაქტის გარშემო ტრიალებს.


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 მარტს პარიზში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აჭარის სამართალდამცველებს დარჩათ ექვსი დღე რათა ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმა გამოიძიონ.
 
“მე მივეცი აჭარის ლიდერს ათი დღის ვადა, დარჩენილია ექვსი დღე, რათა ყველა მაღალიჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც რეპრესიებს ახორციელებენ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე; წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სადამსჯელო ღონისძიებებს გავატარებთ. გენერალური პროკურატურა აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და გატარდება შესაბამისი ზომები ყველა პასუხისმგებელი პირის დასაკავებლად” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე მის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში ადგილობრივ პოლიციისა და უშიშროების წარმომადგენლებს  ადანაშაულებს.


„მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოება სულ მალე გაიგებს სიმართლეს. ჩვენ გაგვაჩნია ინფორმაცია, რომელიც ჯერ დადასტურებული არ არის, რომ კომახიძე უცხოური დაზვერვის სამსახურისთვის მუშაობდა“, – განაცხადა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგოტიძემ 8 მარტს რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.


თუმცა, კომახიძის განცხადებით, თავდასხმა მისი ჟურნალისტურ საქმიანობის გამო მოხდა. იგი აჭარაში რუსთავი 2-ის მიერ აბაშიძისა და მისი ოჯახის უკანონო გარიგებების თაობაზე ჟურნალისტური გამოძიების გასაკეთებლად იყო მივლინებული.


„აბაშიძის 40-მდე ნათესავს აჭარაში მაღალი თანამდებობა უკავია და საკმაოდ დიდი ქონების პატრონებიც არიან“, – განუცხადა ვახტანგ კომახიძემ „რუსთავი 2“-ს.


პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც კომახიძე 8 მარტს საავადმყოფოში მოინახულა, განაცხადა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა „არაადამიანური და დაუშვებელია“. მან ასევე მოსთხოვა აჭარის ხელისუფლებას, რაც შეიძლება მოკლე ვადებში გამოიძიოს თავდასხმის ფაქტი. 


კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ბათუმსა და თბილის შორის დაპირისპირების გამწვავება მოჰყვა ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს გაუქმების თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის მოთხოვნა.


თუმცა, აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძე 8 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს უფლება გააუქმოს აჭარის სამინისტროები. „ეს ავტონომიური რესპუბლიკის უფლებების შელახვაა,“ – დასძინა მან.


„ცენტრალური ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის დაპირებებს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების თაობაზე. ამიტომაც, ისინი [ხელისუფლების წარმომადგენლები] ცდილობენ კიდევ უფრო დაძაბონ სიტუაცია და ყურადღება ამგვარ საკითხებზე გადაიტანონ“, – განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ.


ყოველივე ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, როდესაც 5 მარტს მან პირობა დადო, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე კონტროლს დაამყარებდა. მანამდე აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას „ტოტალური კონტროლის“ დამყარება სურს აჭარაზე.
 
„დიახ, მე მსურს [რეგიონის გაკონტროლება] და დავამყარებ კიდეც კონტროლს აჭარაზე. წავიდა ის დრო, როცა ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა სიტუაციას აჭარაში“, განუცხადა 5 მარტს სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
 
ასლან აბაშიძის ათწლიანი ერთპიროვნული მმართველობას აჭარაში აშკარა საფრთხე, ნოემბრის რევილუციის შემდეგ დაემუქრა, როცა აბაშიძის პოლიტიკური ოპონენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მოკავშირეები ხელისუფლებაში მოვიდნენ. აჭარაში იზრდება ოპოზიციური მოძრაობა. ამის მიუხედავად, აბაშიძე არ აპირებს ძალაუფლების დათმობას.
 
ძალაუფლების შენარჩუნების ეს მცდელობები ხშირად აჭარის ხელმძღვანელობის ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მასმედიის წარმომადგენლების  წინააღმდეგ ძალადობაში იზრდება.


9 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახელისუფლებო პარტია აჭარაში აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას გეგმავს და გააფრთხილა ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება, რომ არ მოხდეს ხელის შეშლა.


16 მარტს ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარა,“ რომელიც მმართველი პარტიის მოკავშირე პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს, ბათუმში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.

მსგავსი/Related

Back to top button