ახალი ამბები

მმართველი ძალის სისუსტეები პირველივე დღიდან გამოჩნდა

“ერთიანი ნაციონალური მოძროაბისა” და “ბურჯანაძე დემოკრატების” ხანგრძლივი, დაძაბული კონსულტაციების შემდეგ მხარეებმა საზოგადოებას ერთიანი საარჩევნო სია წარუდგინეს, სადაც რამდენიმე ახალ სახესთან ერთად, მრავლადაა წარმოდგენილი ძველი, ჯერ კიდევ ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის თავმჯდომარეობით შექმნილი “მოქალაქეთა კავშირის” დროინდელი სახეები.

ახალი გაერთიანება, ასევე “მოქალაქეთა კავშირის” მსგავსად სახელისუფლებო გაერთიანებას და პრეზიდენტის დასაყრდენ ძალად მოისაზრება. “მოქალაქეთა კავშირმა” ერთიან, ძლიერ გუნდად შენარჩუნება ექვსი-შვიდი წელი შეძლო. პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ახალი კოალიცია კიდევ უფრო ცოტა ხანს შეინარჩუნებს ერთიანობას.

რევოლუციონერ ლიდერებს – მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძეს შორის დაპირისპირება უკვე სახეზეა, რაც პარტიული სიების დაკომპლექტების პროცესმა კიდევ უფრო გააღრმავა. თუმცა უფრო მართებული იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ დაპირისპირებას ნინო ბურჯანაძესა და დანარჩენ ორ ლიდერს შორის აქვს ადგილი. თავად პრეზიდენტი სააკაშვილი ამ ფაქტს, როგორც ჩანს, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

“პარტიული სიების დაკომპლექტება ყოველთვის მტკივნეული პროცესია და მე უფრო დიდ დაპირისპირებას ველოდი. ეს გამოცდა იყო და ჩვენ ეს გამოცდა ჩავაბარეთ – შევინარჩუნეთ ერთიანობა” – განაცხადა 27 თებერვალს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კოალიცია უფრო სპონტანურად შექმნილ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც რევოლუციის დღეებში აღმოცენდა. 2 ნოემბრის არჩევნებამდე ნაციონალები და დამოკრატები ვერ ახერხებდნენ გაერთიანებას.

“მრავალი განსხვავების მიუხედავად, ეს გაერთიანება მართლაც ჰგავს “მოქალაქეთა კავშირს,” თავისი შემადგენლობით და პოზიციით. ისიც პრეზიდენტის დასაყრდენი ძალა იყო. ამ გაერთიანებით პრეზიდენტს სერიოზული ბერკეტები გააჩნია ქვეყანაში პოლიტიკის საწარმოებლად, თუმცა ეს ბერკეტები ყოფილმა პრეზიდენტმა ვერ გამოიყენა. ეს არ უნდა დაუშვას მიხეილ სააკაშვილმა” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას რადიო “თავისუფლების” პოლიტიკურმა მიმომხილვევლმა ია ანთაძემ.

„თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი გიგა ბოკერია, რომელიც მმართველი კოალიციის პარტიულ სიაში შეიყვანეს, უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი.

“ეს გაერთიანება არ ჰგავს “მოქალაქეთა კავშირს”, ის გაერთიენება მთლიანად ერთ პიროვნებას და მის იდეებს ემყარებოდა, ეს კი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების გაერთიანებაა, რომელიც იგივე ბედს არ გაიზიარებს, რასაც “მოქალაქეთა კავშირი” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” გიგა ბოკერიამ.

ლიდერებს შორის უთანხმოება პირველად პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას მოჰყვა. ახალი პროექტის მიხედვით, პარლამენტს ძალაუფლებები უსუსტდებოდა, რასაც ნინო ბურჯანაძის განაწყენება მოჰყვა, თუმცა პარლამენტმა პრეზიდენტის მოთხოვნა გაითვალისწინა და 5 თებერვალს რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დამტკიცდა.

მეორე – უფრო მწვავე დაპირისპირება მოჰყვა ერთიანი საარჩევნო სიების შედგენას, რომელიც პარლამენტში დახურულ კარს მიღმა რამდენიმე დღის განმავლობაში გვიან ღამემდე გრძელდებოდა და სიების წარდგენა ცენრალურ საარჩევნო კომისიაში 26 თებერვალს, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. პრემიერ-მინისტრის დაპირება, რომ საერთო სიების დაკომპლექტების დროს კვოტების პრობლემა არ იქნებოდა, მცდარი აღმოჩნდა და კვოტების გადანაწილებამ სერიოზული განხეთქილება შეიტანა მოკავშირეებში, რომლებიც უკვე მასმედიის წინაშე ადანაშაულებდნენ ერთმანეთს. სიების პირველ ასეულში ნახევარზე მეტი სააკაშვილის მხარდამჭერებმა მოიპოვეს, შემდეგ ჟვანიას მომხრეები მოდიან. ყველაზე ცოტა ადგილი კი ნინო ბურჯანაძეს ერგო.

“ჩემი სტილი არ არის ინტრიგები, რასაც სიებთან დაკავშირებით კულუარებში ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, მე დაინტერესებული ვიყავი პარლამენტში ჩემი მხრიდან მეტი ადამიანი მოხვედრილიყო. კარგი იქნებოდა თუ პარლამენტში პროფესიონალი და საქმის მცოდნე ხალხი მოხვდებოდა,” – განაცხადა 26 თებერვალს ნინო ბურჯანაძემ და დასძინა რომ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მისი წინადადება არ გაითვალისწინა.
 
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი ერთიანი სიის პირველ ოცეულში, რომელსაც ყოფილი “ტრადიციონალისტი”, ახლა კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მაია ნადირაძე უდგას სათავეში, ნინო ბურჯანაძის მიერ წარდგენილებს შორის მხოლოდ ორი პიროვნებაა, უმრავლესობა კი ნაციონალურ მოძრაობასა და “დემოკრატებს” შორის არის გადანაწილებული.

კულუარებში იმასაც საუბრობენ, რომ შესაძლოა ნინო ბურჯანაძე ახალ პარლამენტში თავმჯდოამრედ აღარ აირჩიონ და მისი შემცვლელი მაია ნადირაძე იყოს.

“საუბრები მიმდინარეობს იმის თაობაზეც, რომ უარი ვთქვა პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტზე” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 26 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ნინო ბურჯანაძეს რამდენიმე კანდიდატი ამოიღეს სიიდან, მათ შორის პარლამენტის წევრი დავით სალარიძე და გიორგი ხელაშვილი.

“ამ შემთხვევაში დასამალი არაფერია, ჩვენთვის მისაღები არ არის ერთიან სიებში ისეთი პიროვნებების შეყვანა, რომლებსაც პრეზიდენტის პოლიტიკა არ მოსწონთ" – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

“ნაციონალები და “დემოკრატები” უპირატესობას იმ პირებს ანიჭებენ, რომლებსაც აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული ნოემბრის მოვლენებში და საკუთარი წვლილი შეიტანეს  “ვარდების რევოლუციაში”.

თავიდანვე ორი პარტიის გაერთიანებას “ნაციონალებთან” გაწევრიანებული ცალკეული პარტიების “რესპუბლიკური პარტიის” და "ეროვნულ ძალთა გაერთიანების” წარმომადგენლების უკმაყოფილება მოჰყვა. კერძოდ 28 იანვარს, სასტუმრო “მარიოტში” შეკრებილ “ნაციონალებსა” და “დემოკრატებს” შორის, სადაც მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გაერთიანების შესახებ პირველად განაცხადა, არ იმყოფებოდნენ დავით ბერძენიშვილი და ზვიად ძიძიგური.

“ეს მხოლოდ დემოკრატების და ნაციონალების გაერთიანებაა და არა მასში შემავალი ცალკეული პარტიების, თუმცა თუ მათი მხრიდან ამის სურვილი იქნება, ეს პროცესი განხორციელდება” – ასეთი კომენტარი გააკეთა უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ვანო მერაბიშვილმა. ამ ღონისძიებას ასევე არ ესწრებოდა ნინო ბურჯანაძე, რომელიც დასასვენებლად ევროპაში იმყოფებოდა და არც მისი გუნდის წარმომადგენლები, რამაც განხეთქილების შესახებ საზოგადოებაში პირველი ეჭვი დაბადა. 
 
ამას მოჰყვა დავით ბერძენიშვილის მხრიდან მკაცრი განცხადებები ზურაბ ჟვანიას მისამართით, თუმცა ვითარება ბოლო დღეებში, მას შემდეგ დარეგულირდა, რაც დავით ბერძენიშვილი და მისი პარტიის რამდენიმე წევრი საარჩევნო სიაში მოწინავე ადგილებზე მოხვდნენ.

“რესპუბლიკურმა პარტიამ ახლა უფრო მეტი კვოტა მიიღო, ვიდრე 2 ნოემბრის არჩევნების დროს”- განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც თავისი ძმის (დავით ბერძენიშვილი) მსგავსად სახელისუფლებო კოალიციის პარტიულ სიებშია. მასთან ერთად კიდევ ერთი რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავაც მოხვდა სიებში.  

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორიდან, ბოკერიას გარდა, სიაში დავით ზურაბიშვილიც მოხვდა, რომელიც ასევე „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრია.
 
“პარლამენტში შესვლით ჩვენ დავიწყებთ იმ რეფორმების გატარებისთვის ზრუნვას, რაც დღეისათვის დღის წესრიგში დგას. დავიწყებთ იმ ამოცანების განხორციელებას, რაც ლიბერალური დემოკრატიული გზისკენ წაიყვანს საქართველოს. მათ შორის არის ის პროექტი – 10 ნაბიჯი თავისუფლებისკენ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ რევოლუციის დღეებში შეიმუშავეს” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლების პარლამნტში შესვლით ჩვენ შევძლებთ საზოგადოებისთვის პრობლემატური საკითხების მოგვარებას, ჩვენ ვიქნებით მესამე და მეოთხე სექტორის ლობისტები” – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

რეალური ოპოზიციური ძალის არ არსებობა სახელისუფლებო ბლოკს პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის მყარ გარანტიას აძლევს, თუმცა შემდეგ შეინარჩუნებს თუ არა ერთობას, ძნელი სათქმელია. დამკვირვებლების განცხადებით, სახელისუფლებო პარტიის ერთიანობა თუ დაშლა მთლიანად დამოკიდებული იქნება თუ როგორ აეწყობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის კონსტრუქციული მუშაობა და შეასრულებს თუ არა ხელისუფლება ხალხის წინაშე დადებულ დანაპირებს.

პოლიტიკურ მიმომხილველთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ოპოზიცია სწორედ არსებული სახელისუფლებო კოალიციიდან შეიქმნება, ისევე როგორც „მოქალაქეთა კავშირის“ შემთხევაში მოხდა.

ია ანთაძის თქმით, ეს შეიძლება პარლამენტის მუშაობის ბოლო ეტაპებზე მოხდეს, ხოლო 4 წლის შემდეგ, ახალი საპარლამენტო არჩევნების დროს,  შესაძლებელია ერთიანი სახელისუფლებო პარტია ცალკეულ ფრაქციებად დაიშალოს.

Back to top button