ახალი ამბები

ბათუმში ოპოზიციას კვლავ არბევენ

თბილისი ბათუმზე ფინანსური დარტყმის მიყენებას ცდილობს

22 თებერვალს გაიტაცეს და სასტიკად სცემეს „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარის“ წევრი, რასაც მოჰყვა ბათუმში „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ოფისის დაწვა.

21 თებერვალს ჩოლოქთან ასევე სასტიკად სცემეს მოძრაობა „კმარას“ ორი აქტივისტი, რომლებსაც ბათუმში აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის საწინააღმდეგო პლაკატები მიჰქონდათ.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა, 20 თებერვალს ბათუმში ოპოზიციური მოძრაობების ოფისების დაარბევა, მას შემდეგ რაც აჭარის დედაქალაქში აბაშიძის ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა.

აჭარაში ძალადობას მაშინ ჰქონდა ადგილი, როდესაც ბათუმს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი სტუმრობდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა შვიმერმა 20 თებერვალს ბათუმში მოლაპარაკებები გამართა, როგორც ასლან აბაშიძესთან, ასევე აჭარის მეთაურის ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მხარეებს „კონსტრუქციული დიალოგისკენ“ მოუწოდა.

„მე ბოლო წუთამდე, აეროპორტშიც კი სანამ ბათუმს დავტოვებდი მოვუწოდებდი ბატომ აბაშიძეს, რათა მან დიალოგი აწარმოოს არა მარტო თბილისთან, არამედ ადგილობრივ ოპოზიციასთანაც. რადგან კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია“ – განაცხადა ვალტერ შვიმერმა 20 თებერვალს ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ ასლან აბაშიძეს ძალადობის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

მაშინ როდესაც აჭარის მეთაურის მომხრეები ოპოზიციის მიტინგის დარბევას ცდილობდნენ და მათ ოფისებს ანადგურებდნენ, თბილისში ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა იმართებოდა, რომელზეც ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნებოდა.

სხდომის შემდეგ საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშიშროების, შინაგან საქმეთა მინისტრებს, ასევე გენერალურ პროკურორს მისცა დავალება, რათა გამოიძიონ ბათუმის ინციდენტი და დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელიც ძალადობის ორგანიზებაში იქნებიან დამნაშავენი.

„ჩვენ მოვუწოდებთ აჭარის სამართალდამცველებს აღკვეთონ ის ძალადობა, რაც ბათუმში ხდება. ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება“ – განუცხადა ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილმა.

თუმცა ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდან ამ მოწოდებებს ჯერ-ჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია.

ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ თბილისის ოფისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ბათუმში მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ასლან აბაშიძეს აკისრებს.

„ამ პირობებში შეუძლებელია აჭარაში წინა-საარჩევნო კამპანიის განხორციელება“, – განაცხადა „ჩვენი აჭარის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ედვარდ სურმანიძემ  20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობათა დათბობის ტენდენციები, რასაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი, როგორც ჩანს მოჩვენებითი აღმოჩნდა. პირველი მწვავე დაპირისპირება აბაშიძესა და სააკაშვილს შორის სიტყვების ომით დაიწყო, როდესაც 18 თებერვალს პრეზიდენტმა აჭარის მეთაურის თბილისში ჩასვლა მოითხოვა, რაზეც მან კატეგორიული უარი მიიღო.

“ახლა ჩვენ გვაქვს ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა, მაგრამ თუ ასლან აბაშიძე თბილისში არ ჩამოვა, ეს უკვე დაუმორჩილებლობის გამოხატულება იქნება მისი მხრიდან და შესაბამის დასკვნებს ადგილობრივი მოსახლეობა გააკეთებს მის წინააღმდეგ. მე მზად ვარ თავად ჩავიდე ბათუმში, მაგრამ ეს ვიზიტი არ იქნება ჩემი წინა მორბედის ედუარ შევარდნაძის მსგავსი ვიზიტი, როდესაც ეახლებოდა აბაშიძეს, ამას უკვე სხვა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს” – განაცხადა 18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა.

“თბილისში ჩასვლას არ ვაპირებ, სანამ არ მოხდება ჩემზე განხორციელებული ტერაქტის და თავდასხმების გამოძიება” – დასძინა ავსტრიიდან ბათუმში დაბრუნებულმა ასლან აბაშიძემ.
 
ასლან აბაშიძეზე განხორციელებული ტერაქტების ნაცვლად გენერალური პროკურატურა ბათუმში არსებულ “საზღვაო ბანკში” ფინანსურ დარღვევებს იძიებს. ამას ერთვის პროკურატურის მიერ ფირმა „ომეგას“ წინააღდეგ დაწყებული საქმე. არაოფიციალური ინფორმაციით ორივე ფინანსური ჯგუფი აჭარის ლიდერის მძლავრ ფინანსურ დასაყრდენს წარმოადგენს. 

„საზღვაო ბანკს“ ფულის გათეთრებასა და ფინანსურ მაქინაციებში ედება ბრალი. ხოლო „ომეგას,“ რომლის მფლობელები არიან დეპუტატი ზაზა ოქუაშვილი და მისი მეუღლე, ასევე დეპუტატი ნატო ჩხეიძე, დიდი რაოდენობით გადასახადებით დამალვაში ადანაშაულებენ.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა „საზღვაო ბანკისა“ და „ომეგას“ წინააღმდეგ დაწყებულ ღონისძიებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. როგორც ბანკის, ასევე „ომეგას“ ხელმძღვანელობა ბრალდებებს უარყოფს.

“ომეგას” მფლობელობაში შედის ტელეკომპანია “იბერია,” სააგენტო “მედია-ნეუსი,” გაზეთი “ახალი ეპოქა” (რომელიც აღარ გამოდის, მას შემდეგ რაც პროკურატურამ “ომეგას” წინააღმდეგ საქმე წამოიწყო), ასევე სტამბა და თბილისში არსებული BMW სერვის ცენტრი. თუმცა ფირმის მთავარ ბიზნესს საქართველოში სიგარეტის იმპორტი წარმოადგენს.

თბილისში 21 თებერვალს “ომეგას” თანამშრომლებისა და მომხრეების საპროტესტო აქცია გაიმართა სახელმწიფო კანცელარიის წინ, სადაც კომპანიის წინააღმდეგ ქმედებები “ლეგალური ბიზნესის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიად” შეაფასეს.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ “ოთხი პიროვნება, რომლებიც “ომეგას” უკანონო საქმიანობის გამო იძებნებიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე აფარებენ თავს.”

მსგავსი/Related

Back to top button